Aa
Aa

ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი! - რამოსმა კუმანს გადაასწრო

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა. 34 წლის მცველმა რონალდ კუმანის მაჩვენებელი დაჩრდილა.

რამოსმა „სოსიედადთან“ გუშინდელი მატჩისას პენალტიდან შეაგდო, ეს გოლი კი ესპანეთის ჩემპიონატში რიგით 68-ეა, რაც ლა ლიგაში მცველებს შორის საუკეთესო შედეგია.

აქამდე წლების განმავლობაში რეკორდსმენი სწორედ კუმანი იყო, რომლის აქტივშიც 67 გოლი, მის შემდეგ კი 60 გოლით „ბლანკოსის“ კიდევ ერთი კაპიტანი, ფერნანდო იერო მოდის.

რაც შეეხება მთლიანად ფეხბურთის ისტორიის ყველაზე შედეგიან მცველებს, რამოსი გუშინდელი გოლით რობერტო კარლოსს გაუთანაბრდა - ორივეს ანგარიშზე 113-113 შედეგიანი დარტყმაა, რაც მეშვიდე-მერვე შედეგია. ამ ჩამონათვალში ლიდერობას ინარჩუნებს რონალდ კუმანი, რომელსაც კარიერაში 253 გოლი აქვს გატანილი, დანიელ პასარელამ 175 ბურთი შეაგდო, ხოლო მე-3 ადგილზე, 263 გოლით, იეროა.

რამოსმა გუშინდელი მატჩისას ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით, მისი დაზიანების სირთულე ცნობილი არაა.

„რეალმა“ „სოსიედადი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა და „ბარსელონას“ ქულებით გაუთანაბრდა. ამ მოცემულობით ლიდერი „სამეფო კლუბია“, რადგან ის „ბარსას“ ურთიერთშეხვედრებით სჯობს. მადრიდელები შემდეგ ტურში „მალიორკას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები