კაშია: ''ეს ბელარუსთა ხრიკი იყო...თუ 5-10 მატჩს ჩავატარებთ, ნახევარფინალისთვის მზად ვიქნებით''
Aa
Aa

კაშია: ''ეს ბელარუსთა ხრიკი იყო...თუ 5-10 მატჩს ჩავატარებთ, ნახევარფინალისთვის მზად ვიქნებით''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ''სან ხოსეს'' მცველი გურამ კაშია საკლუბო და სანაკრებო თემებზე ტელეკომპანია ''იმედს'' ესაუბრა.

''ბელარუსის ჩემპიონატი არ გაჩერებულა, რაც გარკვეული ხრიკი იყო, თუმცა ჩემი აზრით ეს ფაქტორი ბელარუსის ნაკრებს დიდ უპირატესობას არ შეუქმნის, რადგან ნახევარფინალური მატჩი ოქტომბერში გაიმართება და მომზადებისთვის დრო გვაქვს. თუ ბელარუსთან მატჩამდე 5-10 შეხვედრას ვითამაშებთ, დაპირისპირებისთვის მზად ვიქნებით და სათამაშო პრაქტიკის კომპონენტში გავუთანაბრდებით. ის ფაქტი, რომ ბელარუსში ჩემპიონატი არ შეჩერებულა, გარკვეული ხრიკი იყო.

კორონავირუსის პანდემიის გამო არნემის ''ვიტესი'' ფინანსურად მძიმე ვითარებაშია, თუმცა იმედი მაქვს, რომ გუნდი ფინანსურ კრიზისს თავს დააღწევს. კარიერის საუკეთესო პერიოდი ''ვიტესში'' გავატარე, ეს გუნდი ჩემი სახლია და ეს გუნდი ყოველთვის ჩემი ფავორიტი იქნება.

ჯერ არ ვფიქრობ კარიერის დასრულებაზე, თუმცა მიფიქრია, რომ კარიერის დასკვნით ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატში მეთამაშა. რატომაც არა? ახლა ''სან ხოსესთან'' კონტრაქტი მაკავშირებს, MLS ძალიან კარგი ჩემპიონატია და მსურს რამდენიმე წელი აშშ-ში გავატარო.''

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის ''დინამო არენაზე'' 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები