Aa
Aa

ბენზემამ პუშკაშს გადაასწრო და რეალის მე-5 ბომბარდირია

მადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ გუშინდელი მატჩისას კარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა, რასაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ფაქტიც ახლდა.

ფრანგმა ფორვარდმა „ღამურების“ კარი პირველად 61-ე წუთზე აიღო, 86-ე წუთზე კი შედევრი შექმნა და ფეხბურთის გულშემატკივარი აღაფრთოვანა. საქმე ისაა, რომ კარიმის მადრიდულ კარიერაში ეს გოლები 242-ე და 243-ე გახლდათ და მან კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ფერენც პუშკაშს გადაასწრო.

ბენზემა ახლა მხოლოდ სანტილიანას, ალფრედო დი სტეფანოს, რაულსა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. პორტუგალიელი სუპერსტარი, რომელმაც „რეალის“ მეტოქეები 450-ჯერ დაამწუხრა, მადრიდელთა ყველა დროის ბომბარდირთა დავას დიდი უპირატესობით ლიდერობს.

გუშინდელი მატჩის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მარკო ასენსიოს დაბრუნება და გოლი იყო. 24 წლის შემტევმა ლა ლიგაში 399 დღის შემდეგ ითამაშა და მოედანზე გასვლიდან 31 წამში გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „რეალის“ რიგებში შეცვლაზე შესულ ფეხბურთელთაგან 2005-06 წლების შემდეგ ეს ყველაზე სწრაფი გოლია.

ზიდანის გუნდმა ლა ლიგაში 62 ქულა მოაგროვა და ლიდერ „ბარსელონასთან“ ისევ 2-ქულიანი სხვაობა აქვს. „ბლანკოსის“ მომდევნო მეტოქე იქნება „სოსიედადი“, რომელსაც მადრიდელები სტუმრად შეხვდებიან.

აქვე ისიც დავამატოთ, რომ თამაშის დაწყებამდე „სამეფო კლუბმა“ „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელ ხუან კარლოს უნსუეს თანადგომა გამოუცხადეს. 53 წლის სპეციალისტს ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი დაუდგინდა. ეს ის დაავადებაა, რომელიც ცნობილ მეცნიერ სტივენ ჰოკინგს ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები