Aa
Aa

კარიერაში პირველად - რონალდუს უსიამოვნო შედეგი 35 წლის ასაკში

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ფინალურ შეხვედრაში „ნაპოლისთან“ პენალტების სერიით წააგო. ტიტულის დაკარგვასთან ერთად, აღნიშნული მარცხი კრიშტიანუ რონალდუსთვის კიდევ ერთი უსიამოვნო მაჩვენებლის დამყარების წინაპირობა გახდა.

„ვეკია სინიორამ“ დეკემბერში ქვეყნის სუპერ თასი „ლაციოსთან“ დათმო, გუშინ კი გადამწყვეტ შეხვედრაში უკვე „კოპა იტალიაზე“ დამარცხდა. ორივე ამ მატჩში წაგების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში პირველად მოხდა, როცა მან ზედიზედ ორი სატიტულო შეხვედრა წააგო.

თავად პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია. სავარაუდოდ, იგი დარტყმას აპირებდა, თუმცა საქმე „იუვესთვის“ მე-5 პენალტამდე არ მივიდა.

ფინალური მატჩის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ნეაპოლელებმა 4:2 გაიმარჯვეს და ქვეყნის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგეს. ჯენარო გატუზომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A ამ უქმეებზე განახლდება - „იუვენტუსი“ სტუმრად „ბოლონიას“ შეხვდება, ხოლო „ნაპოლის“ მეტოქე, ასევე გასვლით მატჩში, „ვერონა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები