თბილისში სპორტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს
Aa
Aa

თბილისში სპორტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დედაქალაქში ორი სპორტული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ოთხი სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრია.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სამი (ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ჭიდაობის სპორტული დარბაზი და ლილოს საცურაო აუზი) სამგორის რაიონში მდებარეობს.

სამგორის რაიონში, სპორტულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ და ტემპი დამაკმაყოფილებელია. პროცესში ასევე, ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც ხარისხის კონტროლში გვეხმარება. ზოგადად, მსგავსი პროექტების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა და გვინდა, რომ აღნიშნულ პროცესში მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. სპორტული ცენტრებით სამგორის რაიონის მოსახლეობასთან ერთად, მომიჯნავე უბნებიც ისარგებლებენ. მსგავსი ობიექტების მშენებლობა კი სხვა რაიონებშიც განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 11 502 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. ცენტრში ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის სპორტული დარბაზი, ასევე, ტანვარჯიშისა და სპორტული ორთაბრძოლების დარბაზები განთავსდება, სადაც ძიუდოს, ჭიდაობისა და კარატეს სექციები განვითარდება, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი.

სპორტული ცენტრი ფიტნეს დარბაზთან ერთად, ტრენაჟორების სივრცეს, ორ საცურაო აუზს, კაფეს, სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს მოიცავს. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 11 499 998 ლარია.

რაც შეეხება სამგორის რაიონში მდებარე დანარჩენ ორ ობიექტს, დიდ ლილოში არსებული შენობის სპორტულ დარბაზად გარდაქმნისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სახელშეკრულებო თანხა 934 353 ლარს შეადგენს. ლილოს დასახლებაში კი, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე, საცურაო აუზის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები