ფიური ჯოშუას აკრიტიკებს - „ეს მე რომ მეთქვა, ჯვარზე გამაკრავდნენ“
Aa
Aa

ფიური ჯოშუას აკრიტიკებს - „ეს მე რომ მეთქვა, ჯვარზე გამაკრავდნენ“

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ტაისონ ფიური ენტონი ჯოშუას მიერ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. რამდენიმე დღის წინ, „ეიჯეიმ“ დემონსტრანტებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ვაჩვენოთ სად გვტკივა. თავი შეიკავეთ მათ მაღაზიებსა და ეკონომიკაში ფულის ჩადებისგან და ინვესტიციები შავკანიანების მფლობელობაში არსებულ ბიზნესებში განახორციელეთ“.

ფიურის მიხედვით, ჯოშუამ საკუთარი აზრი დააფიქსირა, თუმცა „ბოშათა მეფე“ თვლის, რომ იგივე მას რომ გაეკეთებინა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა.

„დარწმუნებული ვარ ენტონის აქვს მიზეზები, რომელთა გამოც ასეთი განცხადება გააკეთა. ეს მე არ მეხება და ყველას თავისი აზრი აქვს.

ვითარების გამწვავება არ მინდა, მაგრამ მე რომ მეთქვა დაახლოებით ასეთი რამ: „შავკანიანების ან აზიელების მფლობელობაში არსებულ მაღაზიებში არ შეხვიდეთ და მათგან არაფერი იყიდოთ“, იესო ქრისტესავით ჯვარზე გამაკრავდნენ. თანაც ჯოშუას ბოდიში არავისთვის მოუხდია. მან განაცხადა, რომ თუ არ მოგწონთ რაც თქვა, ჯანდაბაშიც წასულხართ“.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა რასისტობაში დაადანაშაულეს და ბრიტანელს ახსნა-განმარტების გაკეთებაც მოუწია. „ეიჯეის“ თქმით, ეს ტექსტი სხვა ადამიანს უნდა წაეკითხა და მან უბრალოდ ინიციატივა გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები