პიანიჩის მესამე ვარიანტი: პსჟ-ს და ბარსას შემდეგ კონტრაქტი ჩელსიმ შესთავაზა
Aa
Aa

პიანიჩის მესამე ვარიანტი: პსჟ-ს და ბარსას შემდეგ კონტრაქტი ჩელსიმ შესთავაზა

ბოსნიელთა ვარსკვლავის, მირალემ პიანიჩის გადაბირება ლონდონის ''ჩელსისაც'' სურს. იტალიური მედიის ცნობით ინგლისურმა კლუბმა ამპლუით ნახევარმცველს კონტრაქტი შესთავაზა.

Corriere dello Sport-ის ცნობით ''არისტოკრატებს'' გამოცდილი ნახევარმცველით გაძლიერება სურთ და არჩევანი პიანიჩზე გააკეთეს. გარდა ამისა, სეზონის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ფეხბურთელით პსჟ და კატალონიის ''ბარსელონა'' დაინტერესდნენ.

პსჟ-ს სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს ბოსნიელის საფრანგეთში დაბრუნება სურს. 2007-11 წლებში პიანიჩი ''მეცისა'' და ''ლიონის'' ღირსებას იცავდა. 2011 წელს ''რომას'' შეუერთდა, 2016 წლიდან კი ''იუვენტუსის'' ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

რაც შეეხება ''ბარსას,'' ესპანური კლუბი პიანიჩის არტურ მელოში გაცვლას გეგმავდა, თუმცა 23 წლის ბრაზილიელი კლუბის განზრახვის წინააღმდეგია, რაც პიანიჩის ''ნოუ კამპზე'' ტრანსფერს აფერხებს, თუმცა თუ სამხრეთამერიკელი აზრს შეიცვლის, პიანიჩის ლა ლიგაში გადაბარგების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ასე რომ ამ ეტაპზე იტალიის სამგზის ჩემპიონს სამი წინადადება აქვს და განხილვის პროცესშია.

მან მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 22 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ყველა ტურნირის ჩათვლით კი 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პიანიჩმა ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში 92 მატჩში 15 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ეროვნულ გუნდში მოხვედრამდე ლუქსემბურგის 17 და 19 წლამდე ნაკრებებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები