''ვერ ვიგრძენი, რომ რუსეთის მიმართ ანტიპათია აქვთ'' - ცსკა შენგელიას უმიზნებს
Aa
Aa

''ვერ ვიგრძენი, რომ რუსეთის მიმართ ანტიპათია აქვთ'' - ცსკა შენგელიას უმიზნებს

ესპანური ''მარკა'' ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის ცსკა მზადაა ''ბასკონიას'' ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია გადაიბიროს. წყაროს ცნობით მოსკოვურმა გუნდმა ''ბასკონიასთან'' მოლაპარაკება დაიწყო. რუსული მხარე იმედოვნებს, რომ სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება შედგება.

ბერძნული მედიის ცნობით ''ბასკონია'' შენგელიას სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს ითხოვს.

ამ თემაზე რუსი კომენტატორის, ვლადიმირ გომელსკის კომენტარი რუსულ პრესაში გამოქვეყნდა, რომელიც აღნიშნავს, რომ შენგელიას რუსეთის მიმართ ანტიპათია არასდროს გამოუხატავს: ''არსებობს მოსაზრება, რომ 2008 წლის ომის გამო შენგელიას რუსეთი არ უყვარს, თუმცა მე ეს არ მიგრძვნია. თორნიკეს მამა თბილისის ''დინამოში'' თამაშობდა, მას პირადად ვიცნობ, 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ხშირად ვნახულობდი და ვერ ვიგრძენი, რომ მათ ოჯახში რუსეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულებაა. თორნიკე კარგი ხასიათის პიროვნებაა და არ გამიგია მას რუსეთზე ცუდი რამ ეთქვას.''

2019-20 წლების ევროპლიგაში შენგელიას საშუალო მაჩვენებელი ასეთია: 15,9 ქულა, 5,6 მოხსნა და 2,9 პასი.

28 წლის შენგელია 2012-14 წლებში NBA-ში გამოდიოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ''ბრუკლინისა'' და ''ჩიკაგოს'' მოთამაშე იყო. 2014 წლიდან შენგელია ბასკური კლუბის ღირსებას იცავს.

მიმდინარე წელს ესპანური მედია შენგელიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებდა, რომლის მიხედვით ქართველი ლეგიონერი მადრიდის ''რეალს'' სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები