დვალი ბრუნდება - ორ კვირაში რებროვის გუნდს შეუერთდება
Aa
Aa

დვალი ბრუნდება - ორ კვირაში რებროვის გუნდს შეუერთდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უნგრული ''ფერენცვაროშის'' ფეხბურთელმა ლაშა დვალმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბურთით ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო. CrystalSport-თან საუბარში 25 წლის ცენტრალურმა მცველმა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით უახლოეს ორ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ''პოგონის'' ექს-ფეხბურთელს მუხლის შიდა მყესი დაუზიანდა, შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა და მიმდინარე თვის ბოლომდე სერგეი რებროვის გუნდის საწვრთნელ პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

ლაშა დვალს 2019 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. აღნიშნულ დღეს მან ''ფეჰერვარის'' წინააღმდეგ 90 წუთი გაატარა მინდორზე.

2019 წლის იანვარში დვალი ''პოგონიდან'' უნგრულ კლუბში გადავიდა. transfermarkt-ის ცნობით სატრანსფერო თანხამ ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა.

2018-19 წლების სეზონში დვალი ''ფერენცვაროშთან'' ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ახალ სეზონში კი გუნდს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე ტრავმის გამო მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ''ესპანიოლთან'' სასტარტოში მოხვდა, მოსკოვის ცსკა-სთან კი მატჩის მიწურულს ჩაერთო თამაშში.

29 ტურში მოპოვებული 67 ქულით ''ფერენცვაროში'' ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და რებროვის გუნდი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. ჩემპიონატის დასრულებამდე ''ფერენცვაროში'' კიდევ ოთხ მატჩს ჩაატარებს, ბოლო შეხვედრა 27 ივნისსს ზივზივაძის ''მეზოკოვეშდთანაა'' დაგეგმილი. შესაძლოა, ამ თამაშში ორმა ქართველმა მიიღოს მონაწილეობა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები