''ტაბიძეს ლაიფციგში თამაში შეუძლია'' - რუსულ კლუბში ქართველს აქებენ
Aa
Aa

''ტაბიძეს ლაიფციგში თამაში შეუძლია'' - რუსულ კლუბში ქართველს აქებენ

რუსული პრემიერ ლიგის კლუბ ''უფას'' მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომელთაც ''ლაიფციგისა'' და ''ზალცბურგის'' დონის კლუბებში წარმატებით თამაში შეუძლიათ. რუსეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელთან ინტერვიუ ნობელ არუსტამიანის Youtube გვერდმა ჩაწერა.

კითხვაზე ''უფას'' რომელ მოთამაშეებს შეუძლიათ ხსენებულ კლუბებში თამაში, ევსეევის პასუხი ასეთი იყო: ''კარგი კითხვაა. ასეთი მოთამაშეები არიან ჯიმი ტაბიძე, ნედელჩარუ, ფომინი და სისუევი.''

კონცერნი რედ ბული რუსული საფეხბურთო კლუბის, ''უფას'' შეძენით სერიოზულად დაინტერესდა და ამ თემაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. კონცერნის მფლობელობაშია გერმანული ''ლაიფციგი,'' ავსტრიული ''ზალცბურგი,'' ბრაზილიური ''ბრაგანტინო'' და MLS-ის ''ნიუ იორკი.''

რუმინელი ნედელჩარუსთან მიმართებაში დიდ ინტერესს ''რომა,'' ''უდინეზე'' და ბუნდესლიგის კლუბები იჩენენ, ხოლო ტაბიძესთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვცელდება, თუმცა ცხადია, რომ მოთამაშე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი პროგრესი ძალიან აშკარაა.

ევსეევმა 24 წლის ტაბიძის შესახებ გასულ თვეშიც ისაუბრა: ''ტაბიძე თავდაპირველად შეცდომებს უშვებდა, რასაც შეგვიძლია უიღბლობაც დავარქვათ. იყო შემთხვევები, როცა ბურთი მას ხვდებოდა და რიკოშეტით ჩვენს კარში გოლი გადიოდა. ეს ძალიან საწყენია, თუმცა შემდგომში მისმა თამაშმა, მისმა მოქმედებებმა სოლიდურობა შეიძინა. ტაბიძე სტაბილური გახდა, მან უიღბლო მოთამაშის სტერეოტიპი დაამსხვია.''

''უფაში'' გადასვლამდე ჯიმი ტაბიძე ბელგიურ ''გენტსა'' და რუსულ ''ურალში'' ასპარეზობდა. 2017 წლის ზაფხულიდან ტაბიძე ''უფას'' ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეადო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები