არველაძე: ''სრულ ჭკუაზე ხართ?... უნდა გამიგოთ... ნაკრების დატოვება შეცდომა იყო''
Aa
Aa

არველაძე: ''სრულ ჭკუაზე ხართ?... უნდა გამიგოთ... ნაკრების დატოვება შეცდომა იყო''

რუსულმა Matchtv-მ ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარ მწვრთნელთან, შოთა არველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ამსტერდამის ''აიაქსის'' ექს-ფორვარდმა 2003 წელს რუსეთთან გამარჯვება და ირლანდიასთან მარცხი გაიხსენა. რუსეთთან მატჩამდე არველაძე განაცხადში ვერ მოხვდა, რის გამოც შეკრება საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა აღიარებს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

''ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში რუსეთთან საშინაო მატჩამდე  ნაკრების ახალ მწვრთნელს, ივო შუშაკს შევუთანხმდი, რომ "სელტიკთან" მატჩის გამო შეკრებაზე მოგვიანებით ჩავიდოდი. ''სელტიკთან'' შეხვედრის შემდეგ გლაზგოდან პარიზში გავფრინდი, შემდეგ კი - თბილისში, თუმცა შემადგენლობაში ჩემი გვარი ვერ ამოვიკითხე, რადგან შეკრებას გვიან შევუერთდი. ავიღე ჩემოდნები, ბაზა დავტოვე, არავისთვის არაფერი მითქვამს. ცხოვრებაში ასე პირველად მოვიქეცი, რაც რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა სკანდალი არ მომიწყვია. მადლობა ღმერთს, მოვიგეთ, რომ ვერ მოგვეგო, მე დამბრალდებოდა.

შუშაკმა შემდეგ ირლანდიასთან მატჩში გამომიძახა და ანალოგიური ისტორია ქინქლაძესთან მიმართებაში განმეორდა. შემადგენლობაში ვერ მოხვდა და ბარგი მანაც ჩაალაგა. ვევედრებოდი დარჩენილიყო, თუმცა ვერ გადავარწმუნე და ირლანდიასთან 2:0 დავმარცხდით.

მატჩის შემდეგ ლამის მოვკვდი, ბევრი ''ვოლტარენი'' დავლიე, გული საშინლად ძლიერ მიცემდა. ისევე როგორც იაშვილი, მეც თამაშამდე მოვიწამლე, ბევრ წყალს ვსვამდი და უფრო ცუდად ვხდებოდი. მუცელში სისხლდენა დამეწყო. ჩვენთან ერთად მოსკოველი ბიზნესმენი ანზორ კიკალიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მითხრა, რომ სასწრაფოდ დუბლინის საავადმყოფოში გადაყვანა მჭირდებოდა, სადაც 4 დღე გავატარე. მადლობა ღმერთს, რომ ნაკრებს თბილისში არ გავყევი, ასეთ შემთხვევაში არავინ იცის რა მომივიდოდა.''

1998 წლის ზაფხულში გიორგი ქინქლაძე 5 მილიონ ფუნტ სტერლინგად ''მან. სიტიდან'' ამსტერდამის ''აიაქსში'' გადავიდა, თუმცა უნიჭიერესმა ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი შეცდომების გამო ჰოლანდიაში შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

არველაძე ''ქინქის'' ჰოლანდიურ კარიერას იხსენებს: ''ის თავადაა დამნაშავე. ჰოლანდიური ენის გაკვეთილებიც კი დააიგნორა, რის გამოც კლუბმა რამდენჯერმე დასაჯა. მახსოვს მას თითქმის სამი თვე ''აიაქსში'' არ უთამაშია და ვარჯიშის შემდეგ შემადგენლობას არ კითხულობდა. მახსოვს ''ვიტესთან'' თამაშის დღეს გასახდელში შევედი და დავინახე მისი 11-ნომრიანი მაისური, რაც ნიშნავდა, რომ სასტარტოში იყო.

დავურეკე და არ აიღო, მატჩამდე ექვსი საათი რჩებოდა და მის მოსაძებნად წავედი, თუმცა გუნდის საუზმეზე დავაგვიანეთ. დაგვიანების გამო იან ვოუტერსმა, როგორც მე, ასევე ქინქლაძე სასტარტოში აღარ გვათამაშა. გავცეცხლდი: ''თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? ჩვენ საუზმეზე დავაგვიანეთ და არა თამაშზე. ქინქლაძე არაერთხელ გაიხსენეთ, როცა ჰოლანდიური ენის გაკვეთილს აცდენდა და შეგეძლოთ მატჩამდეც გაგეფრთხილებინათ. მას ხომ სამი თვეა არ უთამაშია.''

მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, ბობი ჰარმსს ვთხოვდი, რომ ჩვენთვის თამაშის უფლება მოეცა: ''ეს უნამუსობაა: ''ბობ, ეს უსამართლობაა. შენც ხომ გყავს მეგობრები, უნდა გამიგო.'' მიუხედავად ამისა, მთავარმა მწვრთნელმა ორივე მათგანი სასტარტოში აღარ ათამაშა. ყველაზე ცუდი ის იყო, რაც გიომ მითხრა: ''რას მეძებდი? მე მობილური დამრჩა.'' არადა, მე მის მოსაძებნად მთელი ამსტერდამი მოვიარე. მიუხედავად ყველაფრისა, მე ის ძალიან მიყვარს.''

შოთა არველაძემ კიდევ ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც ამჯერად ''ალკმაარში'' თამაშის პერიოდს უკავშირდება: ''ალკმაარში'' ყოფნისას ერთი კვირის განმავლობაში ძირითადი გუნდის მეკარეების გარეშე ვვარჯიშობდით, რადგან ყველა მათგანი ტრავმირებული იყო. მე ვან გაალს ვუთხარი: ''მოდი, მეკარის გარეშე ვითამაშოთ.'' მან მიპასუხა: ''შენ გიჟი ხარ.'' შემდეგ მივმართე: ''რატომ? ხვალ ყველა ჩვენს შესახებ ისაუბრებს.'' ბოლოს, ვან გაალმა მითხრა: ''ეს ოპონენტის უპატივცემულობაა.'' საბოლოოდ, ასაკობრივი გუნდიდან 18 წლის მეკარე ვიმატეთ და ''ექსელსიორს'' 5:0 მოვუგეთ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები