ენდი რუის ჯუნიორი - აღზევება და დაცემა
Aa Aa

ენდი რუის ჯუნიორი - აღზევება და დაცემა

„ჩვენ მსოფლიო შოკში ჩავაგდეთ. ემოციები, რომლებიც მაშინ დამეუფლა, არასდროს დამავიწყდება. ჩვენ ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით“. ეს სიტყვები ენდი რუის ჯუნიორის ყოფილ მწვრთნელს, მენი რობლესს ეკუთვნის და ძალიან რთულია მას შეეწინააღმდეგო.

2019 წლის 1-ელ ივნისს პუტკუნა ენდიმ კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო. მან მანამდე დაუმარცხებელ ენტონი ჯოშუას ტექნიკური ნოკაუტით სძლია და კრივის ისტორიაში ახალი თავი, სახელად „პირველი მექსიკელი მძიმეწონოსანი ჩემპიონი" დაწერა. დღეს მინდა სწორედ ენდი რუის ჯუნიორზე გესაუბროთ. მოკრივეზე, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია და გვასწავლა, რომ მიზნის მისაღწევად ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ. როგორც კევინ მაკბრაიდი ამბობს, კრივის მთავარი ხიბლი და სილამაზე სწორედ ესაა! გამარჯვება და ისტორიის დაწერა აუტსაიდერებსაც შეუძლიათ!

ენდი რუის ჯუნიორი უბრალო აუტსაიდერი არ ყოფილა. მისი აბსოლუტურად არავის სჯეროდა! იყო პერიოდი, როცა ბუკმეიკერები მას გამარჯვებაზე 31 კოეფიციენტს აძლევდნენ. ტაისონ ფიურიმ ის ერთ-ერთი ანიმაციური ფილმის პერსონაჟს, ყველასთვის საყვარელ „რასელს" შეადარა. „გახსოვთ ანიმაციური ფილმ „მაღლას“ პერსონაჟი? იგი გაიზარდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ენტონი ჯოშუას ეჩხუბება“. კრივის ექსპერტები კი, ბრიტანელ მოკრივეს უმარტივეს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ენდის ეს ყველაფერი დიდად არ ანაღვლებდა და იცოდა, რომ სასწაულის მოხდენა შეეძლო.

„შანსი მაქვს ისტორია დავწერო. მინდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის სტატუსი დავისაკუთრო და ამისთვის ჯოშუა უნდა დავამარცხო. მასთან შერკინებას მოუთმენლად ველი.

ხალხი სათანადოდ ვერ მაფასებს და ამბობს, რომ შანსი არ მაქვს, თუმცა ასეთ დამოკიდებულებასთან შეგუებული ვარ. მთელი ცხოვრებაა მსგავს სიტყვებს ვისმენ და მათ ყურადღებას არ ვაქცევ. ვიცი, რომ მიზნის მიღწევა შემიძლია და როცა საჩემპიონო ქამარს დავისაკუთრებ, ყველაფერი შეიცვლება.

ბავშვობიდან მსოფლიო ჩემპიონობაზე ვოცნებობ. ჩემი მიზანია პირველი მექსიკელი გავხდე, რომელიც კრივის მძიმე წონით დივიზიონში მსოფლიო ჩემპიონობას დაისაკუთრებს. მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამომივა“.

ენდი რუის ჯუნიორის გარდა ალბათ ერთადერთი, ვისაც მექსიკელი მოკრივის სჯეროდა, მამამისი, ენდი რუისი იყო. „ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ ენდის დიდი პოტენციალი ჰქონდა. 12 წლის ასაკში ჩემი შვილი რინგზე 30 წლის კაცებს უპრობლემოდ უმკლავდებოდა. ერთხელ პოლიციელს, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ენდისთან სპარინგის გამართვა ვთხოვეთ. მან რინგზე გასვლის შემდეგ ჩემი შვილის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ჯოშუასთან დაპირისპირებაშიც იგივე მოხდება. ენტონის წარმოდგენა არ ექნება რა უნდა გააკეთოს. ენდის სისწრაფე ხომ ნახეთ? მგონი ყველაფერი ნათელია“.

უცნაურია, მაგრამ ენდი რუის ჯუნიორმა ისტორიაში შესვლის შანსი სრულიად შემთხვევით მიიღო. ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ 31 წლის ამერიკელ მოკრივეს, ჯარელ მილერს უნდა ეჩხუბა, თუმცა მას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. ნიუ იორკის სპორტულმა კომისიამ ჯარელს ლიცენზია შეუჩერა. ბრიტანელი მებრძოლის წარმომადგენლებმა კი, მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს. „ეიჯეის“ პრომოუტერი, ედი ჰირნი 16 მძიმეწონოსან მოკრივეს გაესაუბრა და მაიკლ ჰანტერის, ლუის ორტისისა და დილიან უაითის კანდიდატურებს განიხილავდა, როცა სოციალურ ქსელში ენდი რუის ჯუნიორისგან შეტყობინება მიიღო. 

„ჯოშუას წინააღმდეგ ბრძოლის გამართვის უფლება მომეცი. უფრო მაგრად ვიჩხუბებ, ვიდრე მოკრივეები, რომელთა სახელიც ახსენე. ბევრად უკეთესი ბრძოლა იქნება და ენტონი ჯოშუას დავამარცხებ“. ჰირნი წერილმა დააინტერესა და როგორც თვითონ ამბობს აღფრთოვანდა იმით, რომ იპოვა ადამიანი, რომელსაც ეპოქის შექმნისა და მემკვიდრეობის დატოვების დაუოკებელი სურვილი ჰქონდა.

„რასელს“ საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსი გაუჩნდა და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. მისი არავის სჯეროდა, თუმცა ენდისთვის ეს სიახლე არ ყოფილა. მექსიკელი მოკრივე მთელი ცხოვრების განმავლობაში აუტსაიდერი იყო, მაგრამ 2019 წლის 1-ელი ივნისი განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა. 

ბრძოლის პირველი ორი რაუნდი მშვიდ და ნელ ტემპში წარიმართა. მესამე რაუნდში კი, ვიხილეთ ის, რის გამოც კრივი ძალიან გვიყვარს. მესამე რაუნდის დასრულებამდე 2 წუთითა და 17 წამით ადრე, ჯოშუამ რუისი ნოკდაუნში გაგზავნა და უმრავლესობას ეგონა, რომ ბრძოლა დასასრულს უახლოვდებოდა. 

„ჯოშუამ ძალიან კარგი დარტყმა განახორციელა, რომელიც ჩემთვის მოულოდნელი გახლდათ და ნოკდაუნში აღმოვჩნდი. დარტყმა მტკივნეული არ ყოფილა, მაგრამ მაინც რინგზე დავეცი. იმ მომენტში ჩემს თავს ვუთხარი: „რა ჯანდაბა მოხდა?! გამორიცხულია! ბრძოლა არ უნდა დასრულდეს! ჯერ ყველაფერი წინაა! ყველას უნდა ვაჩვენო რა შემიძლია“. ფეხზე წამოვდექი, ზუსტად ისე, როგორც წარსულში მექსიკელი მებრძოლები აკეთებდნენ და მისთვის სამაგიეროს გადასახდელად მოვემზადე. მახსოვს, ამბობდნენ: „ჯოშუა ბრწყინვალე ფინიშერია! როცა ის სისხლის გემოს გრძნობს, მისი შეჩერება არავის შეუძლია და ა.შ“. დარწმუნებული ვარ ყველა თვლიდა, რომ ნოკდაუნის შემდეგ შანსი აღარ მქონდა, თუმცა შემდეგ მარცხენა ჰუკით ყველაფერი შევცვალე. რამდენიმე წამი და ჯოშუა რინგზე აღმოჩნდა. ენტონის ნოკდაუნში ჩაგდების შემდეგ ვიგრძენი, რომ შეხვედრაში დავბრუნდი. ამან კი, დამატებითი მოტივაცია მომცა და საკუთარი თავის ვირწმუნე. მარცხენა ჰუკით შესრულებული ნოკდაუნის შემდეგ, შეტევების განხორციელებას განვაგრძობდი და ვცდილობდი მისთვის თავის არეში დამერტყა, რადგან ვთვლიდი, რომ ეს მისთვის ყველაზე მტკივნეული იყო“.

მესამე რაუნდის ბოლოს ჯოშუა ნოკდაუნში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, თუმცა გონგის ხმამ მოუსწრო... მეოთხე, მეხუთე და მეექვსე რაუნდი ბრიტანელის უპირატესობით წარიმართა. მეშვიდე რაუნდში კი, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. რუისმა ჯოშუა ნოკდაუნში 2-ჯერ ჩააგდო და საბოლოოდ, ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

„ვიცოდი, რომ ისტორია დავწერეთ. ენდი პირველი მექსიკელი მძიმეწონოსანი გახდა, რომელიც საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ ეს ყველა ეთნიკურობისა და წარმომავლობის მქონე ადამიანის გამარჯვება იყო. დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ენდისთან რაღაც საერთო აქვს. ენდის დანახვისას საკუთარ თავს ვხედავთ და ვრწმუნებით, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩვენ გვყავს შვილები, რომლებსაც ჭარბი წონის, ან კანის ფერის გამო დასცინიან. ენდის ისტორია კი, ყველასთვის გაკვეთილია. ის იმედს გვაძლევს, რომ ერთ დღეს მიზანს ჩვენც მივაღწევთ. მას წონის გამო დიდი ხნის განმავლობაში დასცინოდნენ. მისი არავის სჯეროდა, რადგან ზედმეტი კილოგრამები აწუხებდა, მაგრამ ენდიმ დაამტკიცა, რომ მთავარი სურვილია.

მახსოვს, ბრძოლამდე ერთი წლით ადრე, ენდის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საკუთარი ოჯახის რჩენას ვერ ახერხებდა. ის მზად იყო დანებებულიყო და ყველაფერზე უარი ეთქვა. ენდის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი იდგა. მაშინ მას გულახდილად გავესაუბრე და ვუთხარი: „მისმინე ენდი, არ დანებდე. ყველაფერი კარგად იქნება. დამესიზმრა, რომ ჯოშუას ეჩხუბე და მსოფლიო ჩემპიონი გახდი. ზუსტად ვიცი მას რომელი დარტყმით დაანოკაუტებ“, - მენი რობლესი.

და მაინც, ვინ არის ენდი რუის ჯუნიორი?! ენდი რუის ჯუნიორი არის ბიჭი, ვისი სიცოცხლეც კრივმა გადაარჩინა. ენდი რუის ჯუნიორი არის ბიჭი, ვინც კრივი რომ არა, მამამისთან ერთად მშენებლობაზე იმუშავებდა, ან ნარკოტიკების გასაღებით იქნებოდა დაკავებული. ენდი რუის ჯუნიორი არის ბიჭი, ვინც ეროვნულ გმირად იქცა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება... მებრძოლი, რომელიც უმაღლეს მწვერვალზე ავიდა და უამრავი ადამიანი შთააგონა, ასეთი მასშტაბური წარმატებისთვის მზად არ აღმოჩნდა... სწორედ აქ იწყება მისი დაცემა.

ჯოშუასთან ტრიუმფიდან ერთი თვის შემდეგ, ენდის ვარჯიში უნდა განეახლებინა, თუმცა იგი სპორტდარბაზს სამი თვის შემდეგ დაუბრუნდა. მიზეზი მარტივია. საჩემპიონო ქამრების დასაკუთრებასთან ერთად, მისი ცხოვრება შეიცვალა. მსუქანი მორცხვი ბიჭი, რომელსაც ყოველთვის აუტსაიდერად მიიჩნევდნენ, გულშემატკივრების კუმირად იქცა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და მისთვის ვარჯიშმა უკანა პლანზე გადაიწია.

მისი ყოფილი მწვრთნელი, მენი რობლესი აცხადებს, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა ენდის დიდი სურათი დაენახა - პირველი მექსიკელი მძიმეწონოსანი მოკრივე, რომელიც ჩემპიონი გახდა. ადამიანი, რომელმაც საზღვრები გადალახა და მის შესახებ მსოფლიოს ყველა კუთხეში იცოდნენ. მებრძოლი, რომელიც უამრავი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა... რობლესის აზრით, დიდი სურათი სწორედ ეს გახლდათ და ამის გამო, მის შეგირდს გაცილებით მეტი მოეთხოვებოდა, მაგრამ მექსიკელმა ეს ვერ გაითავისა...

„მე მაქსიმუმი გავაკეთე, რათა დამერწმუნებინა, რომ მემკვიდრეობის დასატოვებლად და კრივის ისტორიაში შესასვლელად ძალ-ღონე არ დაეშურა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მას სხვა პრიორიტეტები ჰქონდა.

ჯოშუასთან მოპოვებული გამარჯვებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემსა და რუისს შორის კონტაქტი არ ყოფილა. მე სპორტდარბაზში ვიყავი, ის კი საკუთარ სახლში იმყოფებოდა და რაღაცით იყო დაკავებული. მასთან შეხვედრას ვერ ვახერხებდი და სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული ვიყავი. მატჩრევანშში მარცხის მიზეზი სწორედ ეს გახლდათ. ყველაფერი მოსამზადებელი ეტაპიდან იწყება. გამარჯვების მოპოვება ვარჯიშებისას ხდება და არა რინგზე. რუისი ასეთი წარმატებისთვის მზად არ იყო. დიდებამ და ფულმა მასზე უარყოფითად იმოქმედა“, - იხსენებს რობლესი.

პირველი ბრძოლის წინ რუისი 121.5 კგ-ს იწონიდა. მატჩრევანშის წინ - 128.6-ს. ენდი ისეთი მოკრივეა რთულია მისი იდეალური წონა დაადგინო, თუმცა 128.6 კგ მისთვისაც კი, ძალიან ბევრია, რაც მეორე ბრძოლაში იდეალურად გამოჩნდა. მექსიკელმა რინგზე 12 რაუნდი გაატარა, მაგრამ ჯოშუას ვერაფერი დაუპირისპირა.

სტატიას ენდის მიერ გაკეთებული განცხადებით დავასრულებ, რომელიც ყველაფერს იდეალურად ასახავს: „ვერ ვიტყვი, რომ წვეულებებში გატარებულ 3 თვეს ჩემზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ეს ასე არაა. მიხარია, რომ ეს გაკვეთილი ახალგაზრდულ ასაკში მივიღე და მინდა, რომ შეცდომებზე ვისწავლო. ზედმეტი კილოგრამები არ უნდა მომემატებინა. მინდა, ჩემს მწვრთნელსა და მამაჩემს ბოდიში მოვუხადო, ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი და მათ გარეშე გადავწყვიტე ვარჯიში. საჩემპიონო ქამრის მფლობელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩემზე კი, წვეულებებმა და ზეიმებში გატარებულმა დრომ ძალიან იმოქმედა".

გაზიარება: