''ქინქით'' აღფრთოვანებული გალაჰერი - Wonderwall-ის წარმოშობა და ქართველი მარგალიტის გაბრწყინება
Aa
Aa

''ქინქით'' აღფრთოვანებული გალაჰერი - Wonderwall-ის წარმოშობა და ქართველი მარგალიტის გაბრწყინება

1995-96 წლების სეზონი გიორგი ქინქლაძისთვის განსაკუთრებულია, თუმცა ''ქინქის'' კარიერის საუკეთესო სეზონი ცრემლებით დასრულდა, დასკვნით ტურში ''ლივერპულთან'' ფრედ დასრულებული მატჩით მანჩესტერული კლუბი, რომელსაც ლეგენდარული ალან ბოლი წვრთნიდა, პრემიერ ლიგიდან გავარდა და ქართველი ტალანტის საოცარი თამაში ''ქალაქელების'' გადარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

როგორი იყო დასაწყისი? ვიდრე ''ქინქი'' ''ნისლიან ალბიონზე'' ალან ბოლს პირველივე ვარჯიშზე საოცარი თამაშით აღტაცებაში მოიყვანდა, ამომავალი ვარსკვლავი იტალიურმა მედიამ ''შავი ზღვის ჯანი რივერად'' მონათლა, როცა იტალიასთან მატჩში ქინქლაძემ შესანიშნავად ითამაშა და ვიდრე 1995 წლის ზაფხულში თბილისის ''დინამო'' ''მან. სიტისთან'' შეთანხმებას მიაღწევდა, ქინქლაძემ კარდიფში უელსს საოცარი სილამაზის გოლი გაუტანა. და იყო კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, 1994 წელს რამდენიმე კვირა ''ბოკა ხუნიორსში'' გაატარა, თუმცა მისი არგენტინული კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა.

1966 წლის მუნდიალის ტრიუმფატორმა ალან ბოლმა პირველივე ვარჯიშზე დაასკვნა, რომ მის გუნდში ნამდვილი მარგალიტი გადავიდა. ასე იხსენებს ''მანჩესტერ სიტის'' ოფიციალური ვებგვერდი ქინქლაძის პირველ ვარჯიშს ახლახანს გამოქვეყნებულ სტატიაში. ალან ბოლის, როგორც მწვრთნელის სისუსტეებს ქინქლაძის შესანიშნავი თამაში ჩრდილში მოაქცევდა და მთავარი ერთი რამ რჩებოდა, გიორგი ქინქლაძისთვის იდეალური პოზიცია უნდა შეერჩია.

როცა მუსიკოსმა და ''მან. სიტის'' ქომაგმა ნოელ გალაჰერმა ქინქლაძის თამაში პირველად ნახა, პირველი შთაბეჭდილების შემდეგ მისი აზრით ქინქლაძე გუნდს ევროპულ ტიტულს მოაპოვებინებდა ან მასთან ერთად გუნდი მეოთხე ლიგაში გავარდებოდა. სამწუხაროდ, რამდენიმე სეზონში რეალობასთან მიახლოებული ვარიანტი მივიღეთ - 1998 წლის გაზაფხულზე ''მან. სიტი'' მესამე ლიგაში გავარდა და ქინქლაძემ კარიერა ამსტერდამის ''აიაქსს'' დაუკავშირა, სადაც მისი უახლოესი მეგობარი შოთა არველაძე თამაშობდა.

1995 წელს სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ქინქლაძემ გუნდის კრიზისიდან გამოყვანა მოახერხა და ქომაგთათვის საყვარელ ფეხბურთელად იქცა. ამ პერიოდში Oasis-მა შექმნა სიმღერა Wonderwall, რომელიც ნოელ გალაჰერის თქმით წარმოსახვით მეგობარზეა, ვინც რთულ დროში დაგეხმარება, თუმცა ქინქლაძის მცდელობა, სიმღერისგან განსხვავებით, ცრემლებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, კონკრეტულად მისთვის შესანიშნავი სეზონი გამოვიდა, რადგან ის მთელმა ინგლისმა გაიცნო და ფანტასტიკური თამაშით არაერთი კლუბის ინტერესი დაიმსახურა, მაგრამ ქართველს ინგლისური კლუბის მიმართ იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა, როცა კლუბი მესამე ლიგაში გავარდა, გული ''მეინ როუდზე'' დარჩენას სთხოვდა.

აღნიშნულ სტატიაში 1995-96 წლების სეზონიდან კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზეა საუბარი. ვიდრე ''მან. სიტი'' ''ლივერპულს'' შეხვდებოდა, Oasis-მა კონცერტი ''მეინ როუდზე'' გამართა. ''მერსისაიდელები'' ლომასის ავტოგოლით დაწინაურდნენ, ბევრის აზრით ავტოგოლი მინდვრის ცუდმა საფარმა განაპირობა, რომელიც კონცერტისას დაზიანდა, თუმცა ცხადია არასერიოზულია იმ ტიპის მსჯელობა, რომ გუნდის გავარდნა ამ ფაქტორმა განაპირობა.

მიმდინარე წლის 24 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ქინქლაძესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო, უნიკალური კადრები გამოქვეყნდა. 1997-98 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ქინქლაძე ამბობს: ''ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დარჩენა მინდა. სურვილი დიდია, მაგრამ არამგონია, ალბათ 10 დღეში ყველაფერი გადამივლის, იმიტომ რომ დაბალ დონეზე თამაში აღარ მინდა, მსურს ისეთ კლუბში გადავიდე, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს.''

''მანჩესტერ სიტისსა'' და ქინქლაძეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ თუ დაინტერესებული კლუბი 5 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტს გადაიხდიდა, ქართველი მანჩესტერულ გუნდს დატოვებდა. ასეთი კლუბი ''აიაქსი'' აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები