Aa
Aa

„ფერგი დამეხმარა, მაგრამ"... - იორკი სირთულეებზე, რომლებსაც შავკანიანი სპეციალისტები აწყდებიან

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დუაით იორკმა განაცხადა, რომ შავკანიანი მწვრთნელებისთვის სამუშაო ადგილის პოვნა და ფეხბურთში თავის დამკვიდრება გაცილებით რთულია.

იორკი beIN Sports-ს ესაუბრა და საზოგადოებას პირადი გამოცდილება გაუზიარა: „სამწვრთნელო კარიერის სტარტზე სერ ალექს ფერგიუსონი ძალიან დამეხმარა. ის ჩემთვის მამასავით იყო და ზუსტად მახსოვს, რომ როცა ასტონ ვილას თავკაცის პოსტის ჩაბარების სურვილი გამოვთქვი, მასთან კონსულტაცია გავიარე.

ფერგიმ თავისი გამოცდილება გამიზიარა და რჩევები მომცა. შემდეგ კი, ტელეფონი აიღო, ასტონ ვილას წარმომადგენლებს დაურეკა და რეკომენდაცია გამიწია. ფერგიუსონის დახმარების მიუხედავად, ასტონ ვილაში გასაუბრებამდეც ვერ მივაღწიე. სიმართლე გითხრათ, რომელიმე კლუბში გასაუბრება დღემდე არ მქონია.

მეორე მხრივ კი, არიან თეთრკანიანი ფეხბურთელები, რომლებსაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის დიდი გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიეს. ამჟამად სწორედ ამ პრობლემასთან გვიწევს გამკლავება.

პრემიერ ლიგაში შავკანიანი სპეციალისტი ჯერ არ გვინახავს. მეტიც, სამწვრთნელო შტაბის წევრებიც მხოლოდ თეთრკანიანები არიან და ეს სერიოზული პრობლემაა“.

დუაით იორკმა კარიერა სწორედ „ასტონ ვილაში“ დაიწყო და ბირმინგემული კლუბის ღირსებას 1989 წლიდან 1998-მდე იცავდა. „ასტონ ვილადან“ იგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში 2002 წლამდე თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები