Aa Aa
5 ივნისი 2020  |  17:35

„კაიფი“ ხელოვნების დონეზე - ყველაზე ძლიერმოქმედი „ნარკოტიკი“

შემოდგომის ერთი საღამო იყო, უბანში ბიჭები ვიყავით შეკრებილი და მთავარი სასაუბრო თემა რა თქმა უნდა, ფეხბურთი გვქონდა.

ახალგაზრდობის დროს ქუჩაში ბევრი ცდუნება იყო, რომელსაც შეეძლო არასწორ გზაზე დაეყენებინე, თუმცა ჩვენ ჩვენი "კაიფი“ გვქონდა, რომლითაც "ზედოზირება" არაფერს გვავნებდა.

ცივი ლუდი და საღამოს მოლოდინი - იმ დღის გათენებას და დაღამებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ღამით ისეთი რამ უნდა გვენახა, რაზეც შემდეგ კვირების განმავლობაში ვისაუბრებდით, შევეცდებოდით გაგვემეორებინა, არ გამოგვივიდოდა, მაგრამ მაინც. შემდეგ კი მორიგი ასეთი საღამო მოდიოდა და ახალი თემა გვქონდა ხოლმე.

მაშინ ასეთი საღამოები ჭარბად გვქონდა, რადგან იმ დროს „თავისუფალი მხატვრების“ სიმრავლე იყო, რომლებიც "კაიფს“ ხელოვნების დონეზე გვაჭერინებდნენ.

"გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა ვერაფერი შეედრება იმას, რომ გაგაჩნდეს საკუთარი სტილი, ხალხი შენგან სწავლობდეს და შენით აღფრთოვანებული იყოს. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია". - იოჰან კრუიფის მოსაზრებას პირადად მე სრულიად ვიზიარებ.

რომელიმე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება? ოქროს ბურთის მოგება? კი, ორივე ძალიან კარგია და თუ მათ შეძლებ, შემდეგ ისტორიიდან შენ სახელს ვერაფერი წაშლის, თუმცა ფეხბურთი მხოლოდ ტაბლო, თასები და ფურცელზე დაწერილი სტატისტიკა როდია - ის გაცილებით მეტია. კრუიფის ნათქვამში დიდი აზრი დევს. თუ, შენ განსაკუთრებული სტილი გაქვს, თუ შენი მოძრაობები ხალხს ტელევიზორის ეკრანებთან სვამს და ტრიბუნებს ავსებს, ესეიგი შენით აღფრთოვანებულები არიან და ეს ჩემი აზრით, რომელიმე დიდი ტურნირის მოგებაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის.

მიანიჭო ხალხს სიამოვნება, ეს ისეთივე რთულია, როგორც ადამიანების გაცინება. ასეთ ფეხბურთელებს კომიკოს მსახიობებს შევადარებდი. მაგალითად, ჯიმ ქერი - მას ოსკარი არ აქვს, თუმცა ვისზე ნაკლები არტისტია? ვისზე რითი ნაკლები ფეხბურთელი იყო ბერგკამპი, ტოტი, ან რიკელმე? მათ ოქროს ბურთი ისევე არ აქვთ, როგორც ჯიმ ქერის ოსკარი, მაგრამ ხალხის გულებში უდიდესი ადგილი უკავიათ.

ადამიანების გაღიმებას ისეთივე ცოდნა, მოხერხება და ნიჭი ჭირდება, როგორც ბურთთან ერთ მსუბუქ შეხებას, რომელიც ათასობით ადამიანით გადაჭედილ ტრიბუნებს ერთხმად ააშრიალებს და დააქუხებს.

ერთს დახურული სივრცის შიში ჰქონდა, ფრენისაც ეშინოდა, მაგრამ არა ყველგან, მეორე იმპერატორი იყო და ბავშვობაში წიგნების წაკითხვის ნაცვლად მათ აფერადებდა, თუმცა ინტელექტი სხვა მხრივ გამოამჟღავნა, მესამე კი სულ შეწუხებული სახით დადიოდა, იფიქრებდი რაღაც უჭირსო, მჟავე გახსიათი ჰქონდა, მაგრამ ბურთთან ერთად მისი გამოჩენა ერთ რამედ ღირდა - დღეს, ამ სამი გენიოსის თამაში ყველაზე მეტად მენატრება და შევეცდები მათ შესახებ ისე გესაუბროთ, რომ თქვენც მაგრად მოგენატროთ, ამის წაკითხვის შემდეგ, იუთუბზე შევარდეთ და მათ ვიდეოებს ჩაუჯდეთ.

„არამფრინავი“ ბიჭი ამსტერდამიდან

1969 წელს, ამსტერდამში ქერა, ტიპიური ნიდერლანდური გარეგნობის ბიჭი დაიბადა. ის, ოჯახში რიგით მე-4 შვილი იყო. იგი, ბავშვობიდანვე ბურთთან ერთად „ხატვის“ ნიჭით გამოირჩეოდა.

პატარა დენისი ფეხს ისე იყენებდა, როგორც კარგი მხატვარი ფუნჯს. როცა გაიზარდა და ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, ბავშვობაში არსებული სტილი არ დაკარგა და პირიქით, მეტად განავითარა. ტიტულებზე და პირად დიდებაზე დაგეშილი ფეხბურთელი არ ყოფილა, არც ეგოისტი იყო და არც თავის ქება უყვარდა, არავის ედრებოდა, თავმდაბალი გახლდათ და თამაშობდა იმიტომ, რომ უბრალოდ სიამოვნებდა. ამ ყველაფრით კი ჩვენც დიდ სიამოვნებას ვიღებდით.

ბერგკამპი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც ბურთთან შენობით საუბრობდა და კარიერის განმავლობაში რამდენიმეჯერ „შეჩემათიც“ მოიხსენია.

მას კლაუსტროფობია ჰქონდა და ამის გამო რიგი მატჩების გამოტოვება უწევდა. ფრენის ეშინოდა და შეხვედრებზე მანქანით დადიოდა, თუმცა მინდორზე გასვლისას მისი ყველანაირი შიში ქრებოდა და ჩვენ ნამდვილ მფრინავ ჰოლანდიელს ვხედავდით.

დენის ნიკოლას მარია ბერგკამპი - ალბათ, მისი სრული სახელი ბევრმა არ იცის, თუმცა ყველამ იცის, რომ ის, ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც მთელი კარიერა იმის მტკიცებას მიუძღვა, რომ ფეხბურთი არამხოლოდ სპორტის სახეობაა, არამედ ხელოვნებაც არის.

ყოველთვის მინდოდა, რომ ბერგკამპი „არსენალის“ გარდა სხვა გრანდში მეხილა და უფრო მეტ დიდ მატჩში მიეღო მონაწილეობა, რომ თავისი კლასი და შესაძლებლობები დაემტკიცებინა. ეს, შინაგანად მინდოდა, რადგან ვთვლიდი, რომ ის საკმარისად დაფასებული ფეხბურთელი არ იყო.

თავად დენისს ეს არ სურდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ის თამაშობდა იმიტომ, რომ უბრალოდ სიამოვნებდა. დროის გასვლის შემდეგ კი, ისტორიამ იგი დააფასა, რადგან მისი სტილი ხალხს მოენატრა, ხოლო რაც მილიონობით ადამიანს ენატრება, ესეიგი რაღაც დიდთან გვაქვს საქმე.

წლების გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ბერგკამპს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ ჭირდებოდა. დრომ ეს თავად დამანახა. ოქროს ბურთი, ისევე როგორც ოსკარი, ერთი ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ფეხბურთელიდან მხოლოდ ერთს გადაეცემა და ამას თავისი მიზეზები აქვს, რომლებიც შეიძლება ობიექტური იყოს და ასევე ნაკლებად ობიექტურიც.

მთავარია რა რჩება წლების შემდეგ - რაც ენატრება ხალხს ყველაზე მეტად. შესაძლოა ყველას არა, მაგრამ საკმაოდ დიდ ნაწილს. მე, იმ მსუბუქი ცეკვის ყურება მენატრება და ეჭვი მაქვს, რომ თქვენც.


ბუენოს აირესელი ბიჭი შეწუხებული სახით

სტატიის ფოტოზე ბერგკამპთან და ტოტისთან ერთად რიკელმეც გვყავს. როგორ ფიქრობთ, მოცემულ კადრში ხუან რომანი პასს აკეთებს, თუ ბურთის მისაღებად ემზადება? თუმცა, თქვენთვის სულ სხვა რაღაცის თქმას ვცდილობ და იმედია გამომივა.

1978 წლის 24 ივნისს, ბუენოს აირესის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ სან ფერნანდო დე ლა ბუენა ვისტაში ხუან რომან რიკელმე დაიბადა. დედა მას ყოველთვის რომანს ეძახდა.

პატარა რომანი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მას 9 და-ძმა ჰყავდა.

რიკელმე რომანტიკოსი იყო და იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთა არსებობის გამოც ხალხის ნაწილი დაობდა, რომ ფეხბურთი გარკვეულწილად ხელოვნებაც არის.

რომანს "კაიფი" უყვარდა, მაგრამ არა წამლით, ბურთით! ამ მუდამ შეწუხებული სახის უკან, კარგად აღზრდილი, ჯენტლმენი იმალებოდა, რომელსაც ბურთთან ძალიან უშუალო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

„ბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა. საუკეთესო სათამაშო რომელიც ოდესმე მქონია ან რომლის ქონაც შემეძლო, ფეხბურთის ბურთი იყო.“

ის, რომ დღეს მილიონობით ბავშვი, თუნდაც აწ უკვე ზრდასრული ადამიანი მოსაწევის, ან წამლის ნაცვლად ფეხბურთით "კაიფობს", რიკელმეს და მისი მსგავსი მოთამაშეების დამსახურებაა.

რომანს ისეთ დროს მოუწია თამაში, როცა კლასიკური 10 ნომრის პოზიცია ნელ-ნელა კვდებოდა. იქამდე კი ის "ბარსელონამ" არ დააფასა და გაუშვა.

რიკელმეს გაშვებით მხოლოდ "ბარსელონამ" იზარალა, რადგან მათ თავისუფალი მხატვარი დაკარგეს. როცა ასეთი ნიჭისა და კლასის მოთამაშეს ვერ იყენებ, პრობლემა მხოლოდ შენშია. "ბარსას" მსგავსად იზარალა ფეხბურთმაც, რადგან ამ უნიკალური პოზიციის ნელ-ნელა გაქრობით, სპორტის ეს სახეობა ასეთ გენიოსებსაც კარგავს.

რომანი არასდროს ყოფილა სწრაფი და მასზე დღემდე ბევრი ამბობს, რომ დღეს თამაში გაუჭირდებოდა, რადგან ფეხბურთი გაცილებით ჩქარი გახდა, ის კი ტემპს ვერ გაუძლებდა. ამ მაღალ ტემპში კი მისი გენიალურობა დაიკარგებოდა.

შესაძლოა ცხოვრებაში რაღაც მოხდეს, ვიღაც ამ რაღაცის გამო დაიჩაგროს, მაგრამ საბოლოო ჯამში დაზარალებული ვინ გამოდის? ფეხბურთი 10 ნომრების გარეშე გასხლულ ხეს გავს, რომელიც ნელ-ნელა თავის ფოთლებსა და ტოტებს კარგავს და უბრალო მორად იქცევა...

რიკელმე მოედანზე გადიოდა და თამაშობდა. მინდორზე არასდროს შრომობდა, ის თამაშობდა!

"რა კაცია ის, ვინც არ ცდილობს სამყარო უკეთესი გახადოს". ეს ფრაზა რიდლი სკოტის ფილმიდან არის (Kingdom of Heaven). რიკელმე იყო მოთამაშე, რომელიც ფეხბურთს ამდიდრებდა და მას კიდევ უფრო უკეთესს ხდიდა.

ხოდა, რა ჟურნალისტი ვიქნები, თუ არ შევეცდები ასეთი გენიოსების შესახებ შიგადაშიგ არ ვწერო?

სამწუხაროდ, ფეხბურთს დღეს რიკელმესნაირები აღარ ჰყავს და სპორტის ეს სახეობა რომანტიკასაც კარგავს.

"ჩვენ ის ვართ, რასაც ვაკეთებთ", - ეს არისტოტელემ თქვა. დიახ, ადამიანი ის არის, რასაც აკეთებს. ასევე, ჩვენ პიროვნებას ჩვენი ისტორიაც აყალიბებს. ის, ვინც ისტორიას ივიწყებს და პატივს არ სცემს, ბოლოს ცარიელი ჭურჭელი ხდება, რომელსაც მომავალი არ გააჩნია.

ასეთი ფეხბურთელების გარეშე კი ფეხბურთი ის ვეღარ იქნება, რაც აქამდე იყო. ევოლუცია ყოველთვის სწორი და სასარგებლო როდია.

"ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივად თამაში ურთულესი". - კრუიფს უკვე მეორედ ვციტირებ, რადგან ის, ამ სამეულის თითქმის სრულყოფილი ვერსია იყო, რომელმაც მუნდიალის გარდა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეეძლო. მის სიტყვებს რიკელმე გააზრებულად, თუ გაუაზრებლად ხორცს ასხამდა.

და ბოლოს, დავუბრუნდეთ დასმულ კითხვას - თქვენი აზრით, რიკელმე ამ მომენტში პასს აკეთებს, თუ ბურთის მისაღებად ემზადება?

ჩემი აზრით, პასუხის გაცემა - კი, ან არა, სწორი არცერთი იქნება. შეიძლება ის გადაცემას აკეთებს, ან მის მისაღებად ემზადება, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამაა - თუ რა მოძრაობით აკეთებს იგი ამას.

მოიგებ თუ წააგებ, საბოლოოდ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ამ ყველაფერს როგორ გააკეთებ! დარჩები ისტორიაში როგორც გამარჯვებული, ან დამარცხებული? უბრალოდ ფურცელზე, ან ვიდეო ფირზე. თუ, იქნები რაღაც უფრო მეტი? სწორედ რაღაც უფრო მეტი იყო რიკელმეც.

აი, ამის თქმა მინდოდა და იმედია ჩემი სათქმელი მარტივად და გასაგებად გადმოვეცი.

„ერ პუპონე“ - ბიჭი, რომელიც ბურთებს იპარავდა

„მე ვთამაშობ რომში, ჩემ გუნდში, ვცხოვრობ ჩემ ქალაქში. მაქვს ყველაფერი, რაც მსურდა“. დიახ, ტოტის ყველაფერი ქონდა, რაც უნდოდა. მას რომის დატოვება ბევრჯერ შეეძლო, ბევრ ტიტულსაც მოიგებდა და სავარაუდოდ ოქროს ბურთსაც უპრობლემოდ მიიღებდა, თუმცა მისთვის ეს მთავარი არ ყოფილა.

„ჩესკომ“ თავისი გაისწორა, ითამაშა, ის სიყვარული მიიღო, რომელსაც ვერანაირი ოქროს ბურთი და თასები ვერ შეედრება. გახსოვთ მისი გაცილების მატჩი? მსგავსი იმ დღემდე არაფერი მქონდა ნანახი.


ეს იყო ყველაზე მარტივი და ლამაზი ახსნა იმისა, თუ რას წარმოადგენდა ტოტი და რამდენად დიდი იყო ის.

„პუპონეს“ სათამაშო სტილი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი რამ გახლდათ, რაც ფეხბურთში დღემდე მინახავს. მის მიერ ქუსლით შესრულებული პასები ხომ საერთოდ ცალკე ფენომენი იყო.

როცა ფეხბურთელს ბურთთან ერთი შეხებით შეუძლია შედევრი შექმნას - სწორედ ასეთები იყვნენ სამივენი ტოტიც, ბერგკამპიც და რიკელმეც. მხოლოდ ერთი „წკაპ“ და ტრიბუნებზე ხარ, თუ ტელეეკრანის წინ, შენ უკვე აღფრთოვანებული ხარ და ადრენალინის მოზღვავებას გრძნობ.

22 წლის და 34 დღის - ტოტი სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იყო. ეს ფაქტი მისი გაცილების კადრებთან პირდაპირაა კავშირში და ყველაფერს მარტივად ხსნის.

„მისთვის ბურთის მიცემა ბანკში ფულის შენახვას ჰგავს. ტოტის მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს გამწესება, იგივეა, რაც საქათმეში მელიის შეშვება. იგი შიშის დასათესად და არეულობის გამოსაწვევად საჭირო გზას ყოველთვის პოულობს“. - ლუჩანო სპალეტიმ, ტოტი ყველაზე კარგად დაახასიათა, რაც დღემდე მინახავს.

ცრუ ცხრიანი, რომელიც ბევრს გონია, რომ გუარდიოლამ მესის გამოყენებით შექმნა მცდარი ინფორმაცია გახლავთ. 2005 წელს, სპალეტიმ „სამპდორიასთან“ მატჩში ტრავმების გამო ცხრიანად ტოტის გამოყენება გადაწყვიტა. „პუპონეს“ გენიალურობა აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

მისი მოედნის ხედვა და მანევრები მცველებს აბნევდნენ. ტოტი საჯარიმოში იშვიათად შედიოდა, ძირითადად სიღრმიდან ნახევარმცველების გვერდით მოქმედებდა, რაც მეურვეებს დამატებით კითხვებს უჩენდა - რა უნდა გაეკეთებინათ მათ? აყოლოდნენ ზემოთ? თუ, დაცვაში დარჩენილიყვნენ?

პოზიციის დატოვების შემთხვევაში დაცვაში სივრცეები ჩნდებოდა, რომელსაც ტოტის ფენომენალური გრძელი გადაცემა პოტენციურ გოლს ქმნიდა. თუ, მას არ აყვებოდნენ, ასეთ შემთხვევაში „რომა“ მოედნის ცეტრში სოლიდურ უპირატესობას მიიღებდა.

28 წელი, აქედან 19 კაპიტნის რანგში, 784 მატჩი, 307 გოლი (კლუბის რეკორდი) - ტოტის ფენომენს რიცხვებით ვერ შევაფასებთ და სტატიის თავშიც ვახსენე, რომ ამ სამეულისთვის რიცხვებს მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა, თუმცა ტოტი ამ მხრივაც შთამბეჭდავი იყო.

ტოტის თამაშის ცქერისას შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ის იყო ერთი „ტიპი“, რომელიც უბანში ბურთს აგორებდა, სადაც იქ მყოფებთან შედარებით კლასში სერიოზულ უპირატესობას ფლობდა.

რაც არ უნდა დავწერო, ამ სამეულის გენიალურობაში დასარწმუნებლად და სიამოვნების კიდევ ერთხელ მისაღებად, ყველაზე მარტივი გზა მაინც ერთი პატარა ვიდეოს ნახვაა. ერთი პასი, გოლი, ან უბრალოდ მოძრაობა საკმარისია გავჩუმდეთ და ნოსტალგია მოგვეძალოს...

ამ კადრების ყურება არასდროს მბეზრდება...


„ბურთებს ვიპარავდი და დაღამებამდე ვთამაშობდი. ხშირად, მოპარული ბურთები სახლში მიმქონდა და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ საკმაოდ დიდი კოლექცია დამიგროვდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი დავაბრუნე. სკოლაში საუკეთესო ნამდვილად არ ვყოფილვარ და კარგად მხოლოდ დედაჩემის დარიგებების გამო ვიქცეოდი“.

ბოლოს მინდა ამ სამეულის მიმართ (მხოლოდ მათ არ ვგულისხმობ, უბრალოდ ამ შემთხვევაში ისინი ყველაზე მეტად მომენატრნენ) მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლირება, რომ ბავშვობაში მრავალი ცდუნებიდან ერთი კონკრეტული ავირჩიე და ავირჩიეთ, რომლითაც დღემდე სიამოვნებით „ვცდუნდებით“.

ფეხბურთი ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერმოქმედი „ნარკოტიკია“ და ამას ვერაფერი შეცვლის.

გაზიარება: