თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
Aa
Aa

თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი, 24 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე უნგრულ კლუბ “ოროშჰაზიდან” რუმინეთის “რეშიცაში” გადავიდა. 

“რეშიცა” ორჯონიკიძისთვის  მეხუთე უცხოური კლუბია. თეიმურაზმა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან სამჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, 2016 წლის შემოდგომაზე კი მაკედონიის “პრილეპში” გადავიდა. მან თითო სეზონი გაატარა “პრილეპსა” და მაკედონიისვე “პელისტერში”, ორი კი უნგრეთის ეროვნულ ლიგაში - “ფერენცვაროშსა” და “ოროშჰაზიში”. ბოლო, დაუსრულებელ სეზონში მან 14 თამაშში 52 გოლი გაიტანა თავისი კლუბისთვის, რომელიც 18 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზე იყო.

სეზონი არ დასრულებულა რუმინეთშიც. ორჯონიკიძის ახალ კლუბ, „რეშიცაში“, ბოლო სეზონში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, შოთა თევზაძე თამაშობდა. კლუბის ხელმძღვანელობა ახალი სეზონისთვის 5-6 ახალი მოთამაშის დამატებას გეგმავს და სერიოზულ მიზნებს ისახავს.

ახალ კლუბში გადასვლას გამოეხმაურა ორჯონიკიძეც: ბედნიერი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ახლახან მივიღე. რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან რეშიცა ვარჩიე, რადგანაც მჯერა, რომ გუნდს ძალიან კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია. პირადად მე მზად ვარ ყველაფერი გავიღო ახალი კლუბისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრებიც მხარში დაგვიდგებიან მიზნის მისაღწევად“.

თეიმურაზ ორჯონიკიძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2013 წელს, თბილისის სპორტის სასახლეში, ფინეთის ნაკრებთან მოგებულ მატჩში ჰქონდა. მას შემდეგ კი ეროვნულ გუნდში, მარცხენა ინსაიდის პოზიციიდან, 31 მატჩში 91 გატანილი გოლი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები