Aa
Aa

"საჩემპიონო რბოლა დასრულებულია" - ცორკი პესიმისტურადაა

დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი ბუნდესლიგის საჩემპიონო რბოლას დასრულებულად თვლის. გერმანელი ფუნქციონერი პესიმისტურადაა და მიიჩნევს, რომ „ბაიერნი“ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებს.

„ჩვენი აზრით, ტიტულის ბედი გადაწყვეტილია და ის კვლავ „ბაიერნის“ მფლობელობაში დარჩება. ეს ყველაფერი გასულ კვირაში წაგებული ურთიერთშეხვედრის შემდეგ გაირკვა.

უნდა ვაღიაროთ, რომ მიუნხენელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და შესანიშნავ სვლაზე არიან. უბრალოდ აღარ გვჯერა, რომ მათ ჩავარდნა ექნებათ. ჩვენ ამჟამად ცხრილის მე-2 პოზიციაზე ვართ და ძალიან გვინდა, რომ ეს ადგილი შევინარჩუნოთ“.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ბაიერნს“ 7-ქულიანი უპირატესობა აქვს, „დორტმუნდი“ კი მე-3 ადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ ცორკი „ბორუსიას“ ლეგენდაა, მან კლუბში 17 წლის განმავლობაში ითამაშა და 572 შეხვედრით ჩატარებულ მატჩთა რეკორდიც ეკუთვნის. ცორკმა და „ყვითლებმა“ 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები