შესანიშნავი კიტეიშვილი: ქართველი მატჩში საუკეთესო იყო
Aa
Aa

შესანიშნავი კიტეიშვილი: ქართველი მატჩში საუკეთესო იყო

ავსტრიის ბუნდესლიგის განახლებას ოთარ კიტეიშვილი შესანიშნავად შეხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ გრაცის ''შტურმმა'' პირველი მატჩი საკუთარ კედლებში ''ვოლფსბერგერთან'' ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. ქართველის გუნდი დამარცხდა, თუმცა თბილისის ''დინამოს'' ექს-ნახევარმცველმა თავი კარგად წარმოაჩინა და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

Sofascore-მა ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება კიტეიშვილს დაუწერა - 8,1.

კიტეიშვილს გოლი არ გაუტანია, არც საგოლე პასი შეუსრულებია, თუმცა ტრადიციულად მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებდა და საუკეთესო იყო. გარდა ამისა, აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით 24 წლის მოთამაშე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

''შტურმში'' ქართველებს წარმატებით წარსულშიც უთამაშიათ. დავით მუჯირი, ილია კანდელაკი, გიორგი ფოფხაძე და გიორგი შაშიაშვილი კარგად თამაშობდნენ, თუმცა მათთან შედარებით კიტეიშვილს დიდი შანსი აქვს ''შტურმი'' ტრამპლინად გამოიყენოს და უფრო ძლიერ ლიგაში გააგრძელოს კარიერა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ავსტრიის თასზე 4 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

23 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის საუკეთესო ექვსეულში გრაცის ''შტურმი'' 16 ქულით მე-6 ადგილზეა.

''შტურმი'' შემდეგ მატჩს სტუმრად ვენის ''რაპიდთან'' ჩაატარებს. შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები