Aa
Aa

ტერ შტეგენი: „ბარსელონას დატოვებას არ ვაპირებ"

„ბარსელონას“ გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დაადასტურა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გამართული მოლაპარაკებები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. გერმანელმა მეკარემ „ბლაუგრანას“ ქომაგები დაამშვიდა და განაცხადა, რომ კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას არ აპირებს.

„გამორიცხულია ზაფხულში ბარსელონა დავტოვო. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, კლუბსა და ჩემს აგენტს შორის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, მაგრამ შემდეგ კორონავირუსის პანდემია გავრცელდა და ეს პერიოდი მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი დრო ნამდვილად არაა.

ამ დროს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეზე ღელავენ და ამიტომ მოლაპარაკებების გადადება გადავწყვიტეთ. ბარსელონაში თავს კარგად ვგრძნობ და აქ ჩემი ოჯახიც ბედნიერია“.

ტერ შტეგენმა მოედანზე დაბრუნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით და დარჩენილ მატჩებზე ვართ ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე განსხვავებული იქნება, მაგრამ ბურთი მოედანზე მაინც იგორავებს და ჩვენ სიამოვნებას სწორედ ეს გვანიჭებს“.

ტერ შტეგენი „ბარსელონას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ბოლო პერიოდში რამდენიმე ესპანური გამოცემა წერდა, რომ გერმანელსა და კლუბს შორის გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები