21 წლის შოთა არველაძის ჰეთ-თრიკი და ტიტულებით დახუნძლული სეზონი
Aa
Aa

21 წლის შოთა არველაძის ჰეთ-თრიკი და ტიტულებით დახუნძლული სეზონი

შოთა და არჩილ არველაძეების ტრაბზონული კარიერიდან 1994-95 წლების სეზონი ძალიან წარმატებული გამოვიდა. აღნიშნულ სეზონში შენოლ გიუნეშის გუნდმა თურქეთის თასის ფინალის ორმატჩიან დაპირისპირებაში ''გალათასარაი'' დაამარცხა.

ამჯერად, თასის გათამაშების აღნიშნული სეზონიდან ''ტრაბზონის'' პირველი დაპირისპირება უნდა გავიხსენოთ, 21 წლის შოთა არველაძემ ''ვანსპორს'' ჰეთ-თრიკი შეუსრულა და მატჩი ''ტრაბზონმა'' მხოლოდ მისი გოლებით მოიგო - 3:0.

ამ მატჩში არჩილ არველაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და 76-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. მისმა ტყუპისცალმა თავი 43-ე, 78-ე და 79-ე წუთებზე გამოიჩინა.

განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გამოვიდა, მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო, მცველს ბურთი თავზე გადაუგდო და მესამე შეხებით კარისკენ დაარტყა.

 

1994-95 წლების სეზონის თურქეთის თასზე შოთა არველაძემ 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული ჰეთ-თრიკის გარდა ''გაზიანთეფთან'' დუბლი ჩაიწერა აქტივში, ხოლო 1 გოლი ფინალში ''გალას'' შეუგდო.

გუნდური ტიტულის მოპოვების გარდა შოთა არველაძე თურქეთის თასზე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება თურქეთის ჩემპიონატს, 19 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შესანიშნავი მაჩვენებელია. 

თურქეთის თასის მოპოვების შემდეგ სუპერთასზე გიუნეშის გუნდი ჩემპიონ ''ბეშიქთაშს'' შეხვდა, რომელსაც გერმანელი კრისტოფ დაუმი წვრთნიდა. სუპერთასი ''ტრაბზონმა'' 2:0 მოიგო. ასე რომ, 1995 წელს არველაძეებმა ორი გუნდური ტიტული, თურქეთის თასი და სუპერთასი მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები