ქეცბაია:
Aa
Aa

ქეცბაია: "5 წლის ბავშვმა ნახევარი საათი წყლის ქვეშ გავატარე, გამიმართლა, გადავრჩი"

''ნიუკასლის'' ექს-ფორვარდი თემურ ქეცბაია ''მთავარ არხზე'' გადაცემა ''სპორტი დიდ ქალაქშის'' ესაუბრა. ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო თემებზე წარიმართა, ქეცბაია პრემიერ ლიგაში გატარებულ წლებს, ''ბოლტონთან' გატანილი გოლსა და საკუთარ სამწვრთნელო მეთოდებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა ზოგისთვის მიუღებელია. ასევე, ქეცბაია მისი თაობისა და ახალი თაობის ფეხბურთელებს შორის პარალელს ავლებს.

ბავშვობაში 5 წლის ასაკში დახრჩობას გადაურჩა:'' სოფელში პატარა ღელე იყო, წვიმა რომ დაიწყებოდა, დიდდებოდა. ერთხელაც ადიდდა წყალი და 5 წლის ბავშვმა ნახევარი საათი წყლის ქვეშ გავატარე. გამიმართლა, გადავრჩი. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ წინ რაღაც კარგი მეწერა.

ცხოვრებაში ბევრჯერ იღბლიანი ვყოფილვარ, მაგრამ ეს იღბალი შრომით მოვიდა. ყოველ ვითარებაში ბრძოლების გადატანა მიწევდა, ჩემთვის არავის არაფერი უჩუქნია. 

ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი გაწვრთნილი გუნდი ორჯერ გავიდა. შესაძლოა, ზოგს ჩემი სამწვრთნელო მეთოდები არ მოსწონს, მაგრამ ამ მეთოდებს ის მოაქვს, რომ ჩემი ფეხბურთელები შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენენ. უპირველესად, პატივი შენს თავს უნდა სცე, შემდეგ კლუბს, რომელიც ხელფასს გიხდის. შემდეგ ითამაშო ფეხბურთი, რომელიც გიყვარს.''

თემურ ქეცბაიამ ხუმრობანარევი კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის ნახევარფინალზე, საქართველოსა და ბელარუსის დაპირისპირებაზე, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო და კორონავირუსის პანდემიის გამო შემოდგომამდე გადაიდო: ''ესეც ჩვენი ბედია, როცა რაღაცის შანსი გაგვიჩნდა, მთელი მსოფლიო დაინგრა.''

ქეცბაიამ ''ნიუკასლის'' რიგებში ''ბოლტონთან'' გატანილი გოლისას გამომჟღავნებული ემოციები გაიხსენა და საკუთარ ემოციურიობაზე ისაუბრა: ''შესაძლოა, ჩემმა ემოციურობამ ბევრ რამეში ხელი შემიშალა, თუნდაც ეკონომიკური კუთხით, თუმცა მე ასეთი ვარ. რასაც ვუყურებ, ვხედავ და ვგრძნობ არ მინდა მხოლოდ ჩემში დარჩეს, მინდა ყველას გავუზიარო.''

თემურ ქეცბაიას აზრით იმ ფაქტმა, რომ საქართველოდან იყო, მის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც ''ნიუკასლში'' თავს დაჩაგრულად გრძნობდა და პრობლემები ექმნებოდა, თუმცა მეორეს მხრივ მისი გაბრაზება ''ბოლტონთან'' გატანილი გოლისას ახალი სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების ერთ-ერთი საფუძველი აღმოჩნდა.

''ფეხბურთელობისას, რაც გამოვიარე, მწვრთნელობაში გამომადგა. არ მინდა ჩემმა რომელიმე ფეხბურთელმა თავი დაჩაგრულად იგრძნოს, მე ეს გამოვლილი მაქვს. არ მინდა ის გულისწყვეტა და პრობლემები ჩემმა ფეხბურთელებმა გამოიარონ, რაც მე გამოვცადე ''ნიუკასლში'' თამაშისას. მე იქ არ მიხდიდნენ მილიონებს, მაგრამ სხვათა ხელფასი გაცილებით მაღალი იყო, შესაბამისად, როცა ათჯერ დიდი ხელფასი გაქვს, უფრო მეტს შანსს მიიღებ.

''შენ კარგი ხარ, მაგრამ შენ ხარ საქართველოდან'' - ასეთი მიდგომა იყო. თქვენ არ იცით რა არის პრემიერ ლიგა და როცა იქ სკამზე ზიხარ და თამაშის შანსს არ გაძლევენ, ეს დასჯაა. ბევრი ფიქრობდა, რომ ''ბოლტოთან'' გოლის ასეთი აღნიშვნის გამო პრობლემები შემექმნებოდა, თუმცა პირიქით, მათ ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. ეს პრემიერ ლიგაა, საუკეთესო ლიგა.''

ქეცბაიას აზრით თანამედროვე ეპოქა სრულიად განსხვავდება იმ რეალობისგან, როგორ გარემოშიც მისი თაობა გაიზარდა: ''ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ, ახლა სხვანაირად იზრდებიან, დღეს სულ სხვა გარემოა, ტექნოლოგიების ეპოქაა. მე არ ვამბობ, რომ დღევანდელი ქართველი ფეხბურთელები ''ცუდები'' არიან და ჩვენ ''კარგები'' ვიყავით. სულ სხვა ეპოქაა დღეს, ჩვენ კი სრულიად სხვა გარემოში გავიზარდეთ.

ასევე, ჩვენ ის შანსი არ გვქონდა, რაც ამ თაობას აქვს. წარმოიდგინეთ, მე რომ პრემიერ ლიგაში 21 წლის ასაკში მოვხვედრილიყავი, ''ნიუკასლში'' 29 წლის ასაკში გადავედი, საბჭოთა კავშირში კი ამ ასაკში მყოფ ფეხბურთელებს კარიერის დასრულებისკენ მიუთითებდნენ ხოლმე.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები