რევაზ ჭანტურია:
Aa
Aa

რევაზ ჭანტურია: "სახლში ვართ, მაკედონიაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა"

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ვეტერანი, რევაზ ჭანტურია 31 მაისს 38 წლის ხდება. ასაკის მიუხედავად, მას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა სკოპიეს „მეტალურგში“ და ჯერაც არ აპირებს მოთამაშის კარიერის დასრულებას. Crystalsport.ge ჭანტურიასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

როგორ ხართ, რეზო? რა სიტუაციაა მაკედონიაში?

როგორც ყველგან, სახლში ვართ. აქ საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო და საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გააგრძელეს. საღამოს 7 საათის შემდეგ გარეთ გასვლა აკრძალულია. ოჯახში ყველაფერი კარგადაა, გმადლობთ.

რა ვითარებაა მაკედონიის ჩემპიონატში?

ჩემპიონატი შეწყდა და აღარ განახლდება. ჩემპიონი არ გამოვლენილა, განაწილდა ევროტურნირების საგზურები მომდევნო სეზონისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს სკოპიეს "ვარდარი", ევროპის ლიგაზე - "ევროფარმ-პელისტერი", ჩემი და ირაკლი კბილაშვილის კლუბი "მეტალურგი" და "ბუტელ სკოპიე". თუ "ევროფარმმა" ჩემპიონთა ლიგის "ვაილდ ქარდი" მიიღო, მაშინ ევროპის ლიგაზე მესამე გუნდი ლექსო წითელიშვილის "ოჰრიდი" იქნება.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

ჯერჯერობით თამაშისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ. მინიმუმ ერთი წელი კიდევ მინდა ვითამაშო, თუმცა ჯერ არ ვიცი სად და რომელ გუნდში. "მეტალურგთან" კონტრაქტი მაისის ბოლო მიმთავრდება. ორი კლუბიდან მაქვს შემოთავაზება და ყველაფერს ივნისში გადავწყვეტ. მთავარია, ტრავმები ავირიდო და კიდევ ვითამაშებ, სხვა შემთხვევაში, მწვრთნელობაზე გადავერთვები.

სამწვრთნელო განათლების საქმე როგორ მიდის?

როცა დრო მაქვს ხოლმე, მაკედონიაში ყოველთვის ვესწრები მწვრთნელთა სემინარებს. უკვე გავლილი მაქვს ორი დონე, რაც ნიშნავს, რომ უკვე შემიძლია 18-წლამდელთა გუნდი ვავარჯიშო, როგორც კლუბი, ასევე ნაკრები. სულ სწავლების ოთხი მოდულია გასავლელი და ამის შემდეგ უნდა აიღო მასტერ-ქოუჩის ლიცენზია, მის გარეშე 2022 წლიდან ევროპაში მწვრთნელად ვეღარ იმუშავებ. მე მოთამაშის 16-წლიანი პროფესიონალური კარიერა მაქვს გავლილი და 30-მდე მწვრთნელთან მიმუშავია. მათ შორის იყვნენ ლინო ჩერვარი, ვესელინ ვუიოვიჩი, იოვიცა ცვეტკოვიჩი და ბევრი სხვა ცნობილი მწვრთნელი. თითოეული მათგანისგან რაღაც მაქვს ნასწავლი. საინტერესოა, რომ მაკედონიურ სემინარებზე მოქმედი მოთამაშე მხოლოდ მე ვარ.

სეზონი როგორ წარიმართა? რამდენად კმაყოფილია "მეტალურგის" ხელმძღვანელობა ირაკლი კბილაშვილის თამაშით? როგორ ფორმაში იყო ლექსო წითელიშვილი?

კბილაშვილს სადებიუტო სეზონი ჰქონდა "მეტალურგში" და მისით ყველა კმაყოფილია. მან, წესით, დიდი ხელბურთი უნდა ითამაშოს. ლექსო წითელიშვილს შარშან ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა "სტრუგაში" და წელს "ოჰრიდში" გადავიდა, თუმცა, მხრის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც შეტევაში ნაკლებად უწევდა თამაში, დაცვაში კი შეუცვლელი ფიგურა იყო. მაკედონიაში ქართველებს, ტრადიციულად, კარგი სახელი გვაქვს - წარსულში აქ ძალიან ბევრ ცნობილ ქართველ ხელბურთელს უთამაშია. მეორე სეზონია, აქ თამაშობს საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი, მედეა ჩოხელი, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მედეა თავისი კლუბის ნამდვილი ლიდერი გახლდათ. თანაც ეს გუნდი "კუმანოვოა", რომელსაც ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში 15-დან 15 მოგება ჰქონდა.

მოგვიყევით თქვენს კარიერაზე, როგორ დაიწყეთ ხელბურთის თამაში, როგორ წახვედით უცხოეთში?

ხელბურთის თამაში 12 წლის ასაკში დავიწყე, "სტუ-შევარდენში", სადაც მწვრთნელები ზაზა დოლიძე, ჯემალ ბარამიძე და ზურაბ კეკელიძე იყვნენ. იქამდე ფეხბურთს ვთამაშობდი 35-ე სკოლაში, ოთარ შენგელიასთან, მაგრამ, მოგეხსენებათ, მამაჩემი, რეზო ჭანტურიაც ხელბურთელი იყო, შემდეგ - მწვრთნელი და ხელბურთმა გადასძალა. მაკედონიაში ასეთ ვითარებაში მოვხვდი: 2004 წელს, ორ ქართულ გუნდს უწვდა ევროტურნირებზე თამაში და ორივეს მაკედონიური კლუბი შეხვდა. მამის გუნდი, "მამული", ცოტა ადრე თამაშობდა და მამამ შემომთავაზა, მათთან ერთად წავსულიყავი მაკედონიაში. პირველი ვარჯიშის სანახავად მოვიდნენ "მეტალურგის" მწვრთნელები - ლიუბჩო სავიცკი და ანდონ ბოშკოვსკი. ვარჯიშს შემდეგ მამას უთხრეს, რომ ცაცია მოეწონათ - ვინაა, რამდენი წლისააო და თამაშზეც თუ მოგვეწონა, დავიტოვებთო. მამამ უთხრა, ცაცია გარემარბი ჩემი შვილია, ოღონდ "მამულის" კი არა, "შევარდენის" წევრია და "მეტალურგთან" ვერანაირად ვერ ითამაშებსო. ამის გამო თამაშის შემდეგ დანიშნეს თავიანთი კლუბის სპეციალური ვარჯიში, ჩემ გასასინჯად. იმ ვარჯიშზე სერიოულად გამომცადეს და ცხვირიც კი გამიტეხეს, მაგრამ თავი მოვაწონე და დამიტოვეს - ასე მოულოდნელად დასრულდა მაკედონიაში, ფაქტობრივად, ექსკურსიაზე წასვლა. ზუსტად მახსოვს, იყო 2004 წლის 13 ოქტომბერი - ჩვენების ავტობუსი გავაცილე და დავრჩი, ისე, რომ სულ რამდენიმე დღის სამყოფი ტანსაცმელი მქონდა წაღებული. ახლა 2020 წელია და ისევ მაკედონიაში ვარ - აქ დავოჯახდი ბილიანა პეტკოვსკაზე და უვე ათი წლის გოგონა ირინა გვყავს...

მაკედონიამდე უკრაინაშიც გითამაშიათ...

დიახ. 2004 წლის იანვრიდან მაისი ჩათვლით ზაპოროჟიეში ვიყავი. "ზტრ" ძალიან ძლიერი კლუბი იყო. უკრაინის ნაკრების ხელურთელების უმეტესობა იქ თამაშობდა, მათ გარდა - ბელარუსები: გორბოკი და ბროვკა. პირველ გუნდში ვერ მოვხვდი, მაგრამ ჰყავდათ მეორე გუნდიც, დნეპროპეტროვსკიში, რომელიც ასევე თამაშობდა უკრაინის ჩემპიონატში. მთელი კვირა ძირითად გუნდთან ვვარჯიშობდი ხოლმე და კვირის ბოლოს დნეპროპეტროვსკში ვთამაშობდი.

ორი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში  გაქვთ ნათამაშები, 23 გოლი გაგიტანია. გაიხსენე ის წლები სკოპიეს "მეტალურგში". გამორჩეული მატჩი ლიგაზე...

დიახ, ორი სეზონი. 2006-07 წლის ჯგუფური ეტაპი: "ფლენზბურგის", "ზაგრებისა" და "ჩეხოვსკიე მედვედის" წინააღმდეგ და 2008-09: "ბარსელონა", "კილი",  "დრამენი". ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში გამორჩეულია, მაგრამ გამოვყოფდი "ფლენზბურგის" წინააღმდეგ მატჩს, რომლის დროსაც ჩემი საყვარელი ხელბურთელის, ლარს კრისტიანსენის წინაამდეგ ბრძოლა მომიწია. ის მარცხენა კუთხეში იდგა, მე - მარჯვენაში და ერთმანეთის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. თანაც, ასეთი ხელბურთელის ოსტატობით ვიღებდი სიამოვნებას და მეც ყველაფერი კარგად გამომივიდა - 5 გოლი გავიტანე და კრისტიანსენმა შემაქო თამაშის შემდეგ. 2013 წელს, უკვე "ზომიმაკ-სტრუმიცას" შემადგენლობაში შევხვდი გიორგი ცხოვრებაძის ახლანდელ გუნდ "მონპელიეს", რომლის კარშიც ლეგენდარული ტიერი ომაიერი იდგა. ის თამაშიც კარგად წამივიდა, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს 5 გოლი გავუტანე და ის ბურთი ახლაც შენახული მაქვს.  ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე EHF თასზე თამაში ფასდაუდებელი გამოცდილებაა. "მეტალურგი" არ იყო ევროპის გრანდი, მაგრამ ყველას ვებრძოდით და ყველა მაშინდელი ვარსკვლავის, კარაბატიჩის, ჰანსენის, ტომასის, გარსიას წინააღმდეგ მითამაშია. კარგია, რომ ახლა ცხოვრებაძეს უწევს ამ უმაღლესი რანგის ტურნირზე გამოსვლა. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი გვენახოს ლიგაზე. "მეტალურგში" ორჯერ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი; "ვარდართან" ერთად EHF თასის ნახევარფინალამდე მივედით და იქ მომავალმა გამარჯვებულმა, გერმანულმა "გუმერსბახმა" გამოგვადო; გარდა ამისა, ევროტურნირებზე მითამაშია "სტრუმიცაში", "პელისტერში" და ევროპის ყველა დიდი გუნდის წინააღმდეგ გავსულვარ მოედანზე.

მაკედონიის საკლუბო ხელბურთში დიდი ფული ტრიალებს?

კლუბს გააჩნია. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულ "ვარდარს", ცხადია, სერიოზული სპონსორი ჰყავს. ასე იყო მეტალურგიც. დანარჩენები, ძირითადად, მუნიციპალური კლუბებია და დაფინანსების 80 პროცენტს ქალაქის მერიიდან იღებენ. ახლა ძალიან საინტერესო ბიზნეს-პროექტი აქვს "ეუროფარმ პელისტერს", რომელიც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. თან ეს  ქალაქ ბიტოლას გუნდია, სადაც მთელი ქალაქი ხელბურთით ცხოვრობს. საერთოდ, მაკედონია სახელბურთო ქვეყანაა.

ახლა საქართველოს ნაკრებში გატარებული წლები გავიხენოთ...

პირველად ეროვნულ გუნდში 2002 წელს ვითამაშე. პირველი გოლი ჰოლანდიაში გავიტანე, ლევან გელაშვილის პასის შემდეგ. თბილისში - ავსტრიასთან.  აქაც ბევრი კარგი ტურნირი მახსენდება: ევროპის უნვერსიადაზე გამარჯვება, ჩელენჯ-ტროფის ორი ფინალი და ერთი მოგება, კარგი სეზონი გვქონდა 2013-14 წლებში, როცა სპორტის სასახლეში ფინეთი, თურქეთი და ლიტვა დავამარცხეთ. ძლიერი შემადგენლობა გვყავდა: უკანა ხაზში ოთხი ორმეტრიანი მოთამაშე - ვლადიმერ რუსია, სერგო დათუკაშვილი, რატი მსხვილიძე, ირაკლი ჩიქოვანი. ამათ დაუმატეთ კარში შოთა თევზაძე - მეტოქე შეტევაში რომ იყო, ჩვენი კარი არც ჩანდა ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი გამარჯვება ერთა თასზე, როცა შვიდივე თამაში მოვიგეთ. ახლა ნაკრებში ორი ვეტერანი, მე და შოთა თევზაძე დავრჩით და ძალიან კარგი თაობა მოვიდა - ცხოვრებაძე, კალანდაძე, ორჯონიკიძე, კბილაშვილი, არსენაშვილი, დიხამინჯია, რუსტამოვი, გოგოლაძე... საშუალო თაობიდან ლექსო წითელიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც კიდევ დიდხანს დაგვეხმარება. ერთადერთი, მეკარის საკითხი მაფიქრებს - რა იქნება, როდესაც შოთა თევზაძე დაასრულებს კარიერას? თუმცა, ძალიან კარგი მეკარეები არიან ზურაბ ცინცაძე, გიგა ტორონჯაძე...

მაკედონიის ნაკრებიდან თუ გქონიათ შემოთავაზება?

დიახ, 2007 წელს. ძალიან გაკვირვებული სახე მივიღე, მაგრამ მითხრეს - ახლა არ გვინდა პასუხი, მოიფიქრეო. ჩემი მთავარი მრჩეველი მამა იყო და ვკითხე. ვიცოდი მისი აზრი, მაგრამ მაინც მე მომანდო გადაწყვეტილების მიღება - პროფესიონალი ხარ და თავად მოიფიქრეო. მაკედონიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს და შეიძლება კარიერულ წინსვლაში დამხმარებოდა იქ გამოსვლა, მაგრამ მე ქართველი ვარ და არაფერს არ ვნანობ. 2013 წელს უკვე პრესიდან გავიგე, რომ ჩემი მოწვევის საკითხი ისევ იდგა, ბოლოს კი მაკედონიელმა ჟურნალისტებმა იხუმრეს - რა კარგი იქნებოდა, რომ მაკედონიელთა ყველა სიძე მაკედონიის ნაკრებში თამაშობდესო. ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი პატივი იყო მაკედონიის ნაკრებში მიწვევა. ახალგაზრდებს ერთადერთი რჩევა მინდა მივცე. ნაკრებში ხშირად ისე მოდიან, თითქოს რომელიმე, მორიგ, ახალ კლუბში მიიწვიეს. ამ დროს ეროვნულ გუნდში მოხვედრა სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული მოვლენა უნდა იყოს ყველა სპორტსმენის კარიერაში. ნაკრების წევრობა ძალიან საამაყოა, მაგრამ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს!

ბოლოს, წარმატებები მინდა ვუსურვო ქართულ სპორტსა და ხელბურთს, ჩვენს ფედერაციასა და მის ხელმძღვანელებს, საქართველოს ნაკრებებს, ქართულ კლუბებს. მინდა, სპორტის სასახლე ისევ გაივსოს ჩვენი ეროვნული გუნდის მატჩებზე და დიდი გამარჯვებებიც ვიხილოთ. მეც, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. არა აქვს მნიშვნელობა - მოთამაშის, მწვრთნელისა თუ უბრალო გულშემატკივრის როლში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები