რობენი: „გუარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მთავარი მწვრთნელია
Aa
Aa

რობენი: „გუარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მთავარი მწვრთნელია"

„ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა პეპ გუარდიოლას მსოფლიოში საუკეთესო მთავარი მწვრთნელი უწოდა. ნიდერლანდელს ვან გაალთან, ანჩელოტისთან, ჰაინკესთან და მოურინიოსთან უმუშავია, თუმცა თვლის, რომ გუარდიოლა ნომერ პირველია.

„ფეხბურთი და განსაკუთრებით შემტევი ფეხბურთი ძალიან მიყვარს. გუარდიოლა კი, შემტევი ფეხბურთის ოსტატი გახლავთ. ის შეტევაზე და ბურთის კონტროლზეა ორიენტირებული, რაც ძალიან მომწონდა. მე და პეპი ერთ ტალღაზე ვართ.

მან ყველაფერი გააკეთა, რათა სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოვყალიბებულიყავი. პირადად ჩემთვის, გუარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მთავარი მწვრთნელია. ბაიერნში მასთან ერთად გატარებულმა სამმა წელიწადმა ბევრი რამ მასწავლა“.

რობენი „ბაიერნს“ 2009 წელს შეუერთდა და „რეკორდმაისტერთან“ ერთად 20 ტიტული მოიგო, თუმცა იმ პერიოდში დარწმუნებული არ იყო, რომ გერმანიაში გადასვლა სწორი არჩევანი გახლდათ.

„მაშინ ჩემი ერთადერთი სურვილი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და იმ პერიოდში ბაიერნი ტოპ კლუბი ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა რისკები შევაფასე და ჩავთვალე, რომ გერმანიაში გადასვლა ღირდა. ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო“.

რობენმა „ბაიერნის“ მაისურით 309 შეხვედრა ჩაატარა. ნიდერლანდელის ანგარიშზე 144 გოლი და 101 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები