Aa
Aa

ტაისონი ბრუნდება - „კონტრაქტი ამ კვირაში მზად იქნება"

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა Lil Wayne-ის გადაცემაში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „რკინის მაიკმა“ ჰოლიფილდთან მესამე ჯახი გამორიცხა და განაცხადა, რომ საქველმოქმედო ბრძოლის შესახებ ყველაფერი ამ კვირაში გახდება ცნობილი.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბრძოლისთვის ვემზადები. ასე კარგად თავი ცხოვრებაში არასდროს მიგრძნია. ღმერთი ჩემ მიმართ მოწყალეა და ბრძოლისთვის მზადებას ვაგრძელებ.

მინდა დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათთვის საქველმოქმედო ღონისძიებას გავმართავ. მიღებული ფულით კი, უსახლკარო და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ძმებს დავეხმარები. უსახლკარო და ნარკოტიკებზე დამოკიდებული მეც ვყოფილვარ და კარგად ვიცი რა რთულია ასე ცხოვრება.

ჰოლიფილდთან ბრძოლას რაც შეეხება, ევანდერის წინააღმდეგ არ ვიჩხუბებ. ბევრი ადამიანი გვირეკავს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ხალხი ვერც კი დაიჯერებს, როცა მათი სახელები გასაჯაროვდება. კონტრაქტი კი, ალბათ ამ კვირაში მზად იქნება.

რინგზე გასვლის სანაცვლოდ პირადად მე არაფერს მივიღებ. შესაძლოა ჩემმა მეუღლემ გარკვეული თანხა მიიღოს, თუმცა ჩემი ჰონორარი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება“.

ცნობისთვის, გასულ კვირას შენონ ბრიგსმა განაცხადა, რომ მასსა და ტაისონს შორის შეთანხმება მიღწეულია და „რკინის მაიკი“ საქველმოქმედო ბრძოლაში სწორედ ბრიგსს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები