მარადონას შემდეგ ქეცბაიაც - ქართველი მწვრთნელი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
Aa
Aa

მარადონას შემდეგ ქეცბაიაც - ქართველი მწვრთნელი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

სოციალურ ქსელში თემურ ქეცბაიას მეუღლემ კატარინა ქეცბაიამ გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც გაირკვა, რომ ქართველი მწვრთნელი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო.

ქეცბაიამ აუქციონზე გასაყიდად მისთვის ყველაზე ღირებული მაისურები გამოიტანა. ერთი მათგანი ინგლისის ნაკრების არის, როცა საქართველოსთან მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ მოთამაშესთან გაცვალა. მეორე კი „ლიდსის“ მაისური გახლავთ.

აუქციონიდან შემოსულ თანხას ქეცბაია კორონავირუსთან ბრძოლას მოახმარს. ამ აქციაში უამრავი ცნობილი სპორტსმენია ჩართული. სულ ბოლოს, გუშინ თავისი მაისური გასაყიდად დიეგო არმანდო მარადონამ გამოიტანა, რომელიც მას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის წინააღმდეგ ეცვა.

ხსენებულ აქციაში ქართველთაგან პირველი პარალიმნის „ენეოსის“ ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ბრძოლამ შედეგი გამოიღო და უეფამ კვიპროსული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ჩემპიონატის განახლება კატეგორიულად მოსთხოვა. შესაბამისად, კლუბები იძულებულნი არიან ფეხბურთელები ოფიციალური მატჩებისთვის მოამზადონ, თუმცა როგორც ქეცბაიამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, ბევრ გუნდს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე სეზონის დარჩენილი მატჩების ჩატარების სურვილი არ ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები