ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია
Aa
Aa

„მატჩის შემდეგ ჰოპემ ბოდიში მომიხადა“ - გუცაევმა 1981 წლის წარმატება გაიხსენა

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა 1981 წლის თასების მფლობელთა თასზე თბილისის ''დინამოს'' გამარჯვება გაიხსენა. გუცაევი ტელეკომპანია ''იმედს'' ესაუბრა.

ფინალურ მატჩში ანგარიში ''კარლ ცაისის'' ფეხბურთელმა ჰოპემ გახსნა, რომელმაც ''დინამოს'' მიმართ არასასიამოვნო ჟესტი შეასრულა, შემდეგ კი გუცაევისა და დარასელიას გოლებით ნოდარ ახალკაცის გუნდმა ევროპული ტურნირი მოიგო.

''როცა ფეხბურთელი გოლს შეაგდებს, მთელი ყურადღება მის მიმართაა. ცხადია, ჰოპეს გოლის შემდეგ მისი ჟესტი არ მოგვეწონა. მატჩის შემდეგ დოპინგკონტროლზე ჰოპეც იყო და მას ვუთხარი, რომ ძალიან არასპორტულად და არამეგობრულად მოიქცა. სხვათაშორის, ბოდიშიც მოიხადა.

''ვესტ ჰემთან'' ლონდონში გამარჯვებამდე ევროპული თასის მოგებაზე არავინ ფიქრობდა. ინგლისში უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ. ''ვესტ ჰემთან'' გამარჯვების შემდეგ გუნდში დავიწყეთ საუბარი, რომ რატომ არ შეიძლება ტურნირი ჩვენი ტრიუმფით დასრულდეს?

დღეს ფეხბურთი დიდი ინდუსტრიაა და ასეთი წარმატების განმეორება ძალიან რთულია. დღეს ფაქტობრივად 100 მილიონზე ნაკლებად ძლიერ ფეხბურთელს ვერ მოიყვან. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული კლუბი წარმატებას ვერ მიაღწევს.

მაგალითად, როცა ''მან. სიტი'' არაბებმა იყიდეს, მისი ბიუჯეტი გაიზარდა და გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია. თუ ქართულ ფეხბურთში კერძო სექტორი ფულს დახარჯავს, წარმატებაზე ფიქრი შეიძლება. თითოეულ გუნდში 5 და 7 მილიონი ლარიც რომ ჩადონ, წინასვლას შეუწყობს ხელს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები