Aa
Aa

"ბოს, რას შვები ფ**მ?" - პირდაპირი კეონი და წყნარი ვენგერი გასახდელში

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა კაპიტანმა მარტინ კეონმა ერთი ისტორია გაიხსენა, როდესაც ის „ჩარლტონთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ, გასახდელში არსენ ვენგერს შეეკამათა.

როგორც ცნობილია, კეონს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა და ის კამათის შემდეგ ბოდიშს არასდროს იხდიდა.

ტიერი ანრის დუბლი და ფრედერიკ ლუნგბერგის ერთი გოლი - „არსენალმა“ საკუთარ კედლებში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ვენგერი დიდად აღფრთოვანებული არ ჩანდა.

კეონი Daily Mail-თან საუბრისას იხსენებს: „მოტეხილი ფეხის შემდეგ დავბრუნდი და „ჩარლტონს“ 3:0 მოვუგეთ. ქომაგები მღეროდნენ, რომ ჩვენი თამაშის ყურება ბრაზილიის ნაკრების თამაშს ჰგავდა.

თუმცა, ჩვენ გასახდელში ვბრუნდებით სადაც ვენგერი გვხვდება, რომელიც სრულიად ჩუმად იყო. ის პროგრამას კითხულობს. მე კი ვეუბნები - ბოს, რას შვები ფ**მ?

ის მეკითხება - რაა მარტინ? მე ვუპასუხე - სად წავიდა „კარგად ითამაშეთ“, ან „შთამბეჭდავი წარმოდგენა იყო“?

მან თავი აიღო თავისი პროგრამიდან და სიცილი დაიწყო. შემდეგ წამოდგა და გვითხრა - მარტინ შენ მართალი ხარ, ყოჩაღ ბიჭებო.

ვენგერს გასახდელში ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, განსაკუთრებით მარცხის შემდეგ. ერიდებოდა ისეთი რამის თქმას, რასაც მატჩის ჩანაწერის ნახვის შემდეგ ინანებდა“.

შეგახსენებთ, რომ მარტინ კეონმა „არსენალის“ რიგებში 395 მატჩი ჩაატარა. ის ვენგერის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები