კალაძე: ''მალდინი ჩემი კერპი იყო... ფინალში პენალტის დარტყმა არავის უნდოდა''
Aa
Aa

კალაძე: ''მალდინი ჩემი კერპი იყო... ფინალში პენალტის დარტყმა არავის უნდოდა''

''მილანის'' ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე ''ინსტაგრამ live"-ში Mediaset-ის ჟურნალისტს, კარლო პელეგატის ესაუბრა. კალაძემ კიევის ''დინამოსა'' და ''მილანში'' გატარებული წლები გაიხსენა.

კახა კალაძე ''მილანში'' 2001-10 წლებში ასპარეზობდა. გუნდთან ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა, ერთხელ კი იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. ქართველი მცველი ''მილანის'' ''დიდების დარბაზის'' წევრია.

მატჩი ''სან სიროზე'' და ''მილანის'' ინტერესი

ჩემი კარიერის დასაწყისი? მახსოვს ამხანაგური მატჩი კიევის ''დინამოსა'' და ''მილანს'' შორის. ამ მატჩში სებასტიანო როსის გოლი გავუტანე. სტადიონზე უამრავი გულშემატკივარ იყო. ჩემს თამაშს გალიანი და ბრაიდა აკვირდებოდნენ. მათ ანდრეი შევჩენკოს გადაბირების დიდი სურვილი ჰქონდათ და როცა ერთხელ კიევის ''დინამოს'' თამაშს უყურებდნენ, ჩემზე დაკვირვება დაიწყეს, რაც ორი წელი გაგრძელდა. ისინი კიევის ''დინამოს'' ყველა შეხვედრას უყურებდნენ.

ლობანოვსკისთან მუშაობა

18 წლის არ ვიყავი, როცა კიევის ''დინამოსთან'' კონტრაქტი გავაფორმე. ლობანოვსკის ვარჯიშები იმდენად მძიმე იყო, ზოგჯერ სავარჯიშო პროცესს ვტოვებდი, რადგან დატვირთვას ვერ ვუძლებდი. მახსოვს მოსამზადებელ ეტაპზე გერმანიაში წავედით, დილით 7 საათზე გაგვაღვიძეს და 45 წუთი ვირბინეთ, შემდეგ საუზმე, შემდეგ ისევ ვარჯიში და საღამოსაც ვვარჯიშობდით. ეს ძალიან რთული იყო, უმძიმესი დატვირთვა იყო, თუმცა თანდათან მივეჩვიე. მენტალურად ის გარემოება დამეხმარა, რომ გუნდში ყველა ახალგაზრდა ვიყავით. ლობანოვსკი მატჩისთვის საუკეთესოდ გვამზადებდა.

ანჩელოტის შესახებ

მან გალიანისთან და ბერლუსკონისთან ერთად გამარჯვებული გუნდი შექმნა. სპორტული თუ პიროვნული კუთხით მნიშვნელოვანი ფეხბურთელები შეარჩია და მათმა გადაწყვეტილებებმა შედეგი მოიტანა.

საყვარელი პოზიცია

''მილანში'' გადასვლის საწყის ეტაპზე ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, თუმცა ყველაზე მეტად ცენტრალურ მცველად თამაში მხიბლავდა, ეს იყო ჩემი საყვარელი პოზიცია. კარიერის ბოლო წლებში ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი.

მალდინი და ნესტა

''მალდინი ჩემი კერპი იყო, მისი პოსტერი ოთახში გაკრული მქონდა. მალდინი იყო ჩემპიონი მოედანზე და მოედანს მიღმა. ანალოგიურად ვფიქრობ ნესტას შესახებ. ''მილანში'' თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონი იყო.

პირველი მილანური დერბი

როცა ''მილანში'' გადავედი, თავიდანვე მუდმივად ვთამაშობდი. შემდეგ ჩეზარე მალდინი მოვიდა და მისი ხელმძღვანელობით დიდებული სეზონი გამოგვივიდა. მახსოვს ჩემი პირველი მილანური დერბი, ''ინტერს'' 6:0 მოვუგეთ, ჩემი საგოლე პასით ანდრეი შევჩენკომ გაიტანა. ეს ჩემი პირველი დერბი იყო, მაგრამ უკვე კარგად ვიცოდი თუ რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ''ინტერთან'' დაპირისპირება.

პირველი ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე

მახსოვს პენალტის დარტყმა არავის უნდოდა. მე არ ვასრულებდი პენალტებს, მაგრამ იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდა. დარტყმისას მივხდი, რომ ვერ გავიტანდი. შევჩენკოს თვალები გადამწყვეტი პენალტის წინ? ეს კარგად მახსოვს. ფეხბურთი ძალიან მენატრება და ჩემს შვილებთან ვთამაშობ ხოლმე. მე და ანდრეი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით, ეს საოცარი გრძნობაა.

სტამბოლის ფინალი

როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ''ლივერპულთან'' დავმარცხდით, ყველანი იმედგაცრუებულნი ვიყავით, სასოწარკვეთილებამ მოგვიცვა. ვზეიმობდით გამარჯვებას პირველი ტაიმის შემდეგ? ეს არ არის მართალი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 3 გოლი შევაგდეთ, შესვენებაზე ანჩელოტიმ გვითხრა, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა. საბედნიროდ, ორი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები