ტაისონის ახალი მწვრთნელი: „მის მარჯვენა ჰუკს ადამიანის მოკვლა შეუძლია
Aa
Aa

ტაისონის ახალი მწვრთნელი: „მის მარჯვენა ჰუკს ადამიანის მოკვლა შეუძლია"

გასულ კვირაში სოციალურ ქსელებში მაიკ ტაისონის ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომლებმაც დაგვარწმუნა, რომ „რკინის მაიკი“ კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

ხსენებულ ვიდეოში ტაისონს რაფაელ კორდეირო ავარჯიშებს, რომელმაც ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, „რკინის მაიკის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მარჯვენა ჰუკს ადამიანის მოკვლა შეუძლია.

„გარწმუნებთ, რომ თუ მომავალში რამის გაკეთებას მოისურვებს, 100 პროცენტით მზად იქნება. თუ მას რინგზე დაბრუნება მოუნდება, 6 თვე მიეცით და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ იჩხუბებს. არ ვხუმრობ. ამას მთელი სერიოზულობით ვაცხადებ.

ვიდეოში კარგად ჩანს მაიკს რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს. თანაც ეს პირველი სესია იყო, რომლის დროსაც ე.წ „სავარჯიშო თათები“ გამოვიყენეთ. წარმოგიდგენიათ 3 კვირის შემდეგ რა მოხდება?!

მახსოვს, როგორც კი, რინგზე გავედით, ჩემს თავს ვუთხარი: „ღმერთო ჩემო“... წარმოდგენა არ მქონდა წინ რა მელოდა, მაგრამ ნანახით გაოცებული დავრჩი. ვარჯიშისას დავინახე ბიჭი, რომელსაც ისეთივე სისწრაფე და ძალა აქვს, როგორიც 21-22 წლის მოკრივეებს.

გარწმუნებთ, რომ თუ ტაისონთან სპარინგისთვის მზად არ ხართ, რინგზე აუცილებლად დაეცემით. კარიერის განმავლობაში ბევრ მძიმეწონოსან მოკრივესთან მიმუშავია, მაგრამ მაიკისავით ძლიერი არავინაა. მის მარჯვენა ჰუკს ადამიანის მოკვლა შეუძლია.

როცა ვარჯიში დავიწყეთ, ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი მალევე დალაგდა. სპარინგის დროს ე.წ „სავარჯიშო თათები“ ყოველთვის სახესთან ძალიან ახლოს მიმაქვს და როცა მისი მარჯვენა ჰუკი დავინახე, ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა. გამახსენდა ჩემი მეუღლე, ჩემი გოგონები, ჩემი ძაღლი... მათმა სახეებმა თვალწინ ჩამიარა და მეგონა ვკვდებოდი“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მაიკმა განაცხადა, რომ რინგზე დაბრუნებას და საგამოფენო ბრძოლების გამართვას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები