''მისი გოლები ნისტელროის ანადგურებდა... შეშლილი იყო'' - ანრიმ და ფერდინანდმა ძველი დრო გაიხსენეს
Aa
Aa

''მისი გოლები ნისტელროის ანადგურებდა... შეშლილი იყო'' - ანრიმ და ფერდინანდმა ძველი დრო გაიხსენეს

ტიერი ანრის თქმით პრემიერ ლიგაში თამაშისას იმ აზრით შეპყრობილი არ ყოფილა, რომ რუდ ვან ნისტელროიზე მეტი გოლი შეეგდო და ბომბარდირობისთვის ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულებულიყო.

ჰოლანდიელი ფორვარდი, რომელიც ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ღირსებას 2001-06 წლებში იცავდა, ცუდ ხასიათზე დგებოდა, როცა ანრი გოლის გატანას ახერხებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ანრის დამოკიდებულება განსხვავებული იყო, ''მეთოფეთა'' ლეგენდარულმა ფორვარდმა ამ თემაზე PUMA-სთან ''ინსტაგრამლაივში'' ისაუბრა.

''ეს იყო ისტორია ჩემსა და მას შორის, ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით ''ოქროს ბუცის'' მოგებისთვის, თუმცა თუ გახსოვთ, ნისტელროისთან კონკურენციის დროს პენალტების შესრულებისგან თავს ვიკავებდი.

მახსოვს, როცა ედუ ''არსენალში'' უკანასკნელ მატჩს ატარებდა, თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მას დავუთმე.

შეგიძლიათ ნახოთ ჩემი საგოლე პასების რაოდენობა, ზოგჯერ გოლის გატანაზე დიდ მნიშვნელობას პასის შესრულებას ვანიჭებდი. ეს არის ჩემი პასუხი იმ კითხვაზე ვიყავი თუ არა ნისტელროის დამარცხებით შეპყრობილი. მხოლოდ ''ოქროს ბუცის'' მოგებაზე რომ მეფიქრა, ბევრ საგოლე პასს არ შევასრულებდი.''

ნისტელროის შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა რიო ფერდინანდმა Manchester Evening News-თან ისაუბრა: ''მოვიგებდით მატჩს, 3:1-ს ან 4:1-ს, ნისტელროი ერთ გოლს გაიტანდა, მედიასთან ისაუბრებდა, მაგრამ როცა გასახდელში შემოვიდოდა, დაჯდებოდა და ვკითხავდი: ''რუდ ყველაფერი კარგადაა? რამე ხო არ მოხდა?'' მიპასუხებდა: ''არაფერი მომხდარა.''

შემდეგ გავიგებდით, რომ ტიერი ანრიმ 2 გოლი შეაგდო და ნისტელროის უსწრებდა. გოლის გატანის მიუხედავად რუდი განადგურებული იყო, გასახდელში ცუდი განწყობით იჯდა, რადგან ანრიმ მასზე მეტი გაიტანა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ნისტელროი შეშლილი იყო. ჩვენ მატჩი მოვიგეთ, მან გოლი გაიტანა, ყველაფერი კარგადაა, თუმცა ის მაინც იმედგაცრუებულია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები