სახალისო ისტორია | სტუდენტი ჟორჟ ვეას ხმით - ასე ითამაშა მოყვარულმა პრემიერ ლიგის მატჩში
Aa
Aa

სახალისო ისტორია | სტუდენტი ჟორჟ ვეას ხმით - ასე ითამაშა მოყვარულმა პრემიერ ლიგის მატჩში

1996 წლის 23 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში ''საუთჰემპტონი'' საკუთარ კედლებში ''ლიდს იუნაიტედთან'' 0:2 დამარცხდა. ჯორჯ გრემის გუნდიდან გოლები გარი კელისა და ლი შარპის ანგარიშზეა.

ამ მატჩში ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, ''წმინდანების'' მაისურით პირველი და უკანასკნელი მატჩი ალი დიამ ჩაატარა, რომლის ტრანსფერი, მეტ ლე ტისიეს აზრით, პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელია.

პორტსმუთის ერთ-ერთ უნივერსიტეტის სტუდენტმა ''საუთჰემპტონში'' ლეგენდარული ჟორჟ ვეას სახელით დარეკა. "სტუდენტი ვეა" გრემ სუნესს სთავაზობდა, დია სინჯებზე აეყვანა. ''ვეამ'' კლუბს ასევე აცნობა, რომ დია პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი იყო და სენეგალის ნაკრებში 13 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, თუმცა ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, დიამ პრემიერ ლიგის გუნდში 14 დღე გაატარა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ითამაშა.

Sky Sports-თან ინტერვიუში, ალი დიას ისტორიას გრემ სუნესი იხსენებს, რომელიც ''საუთჰემპტონის'' მთავარი მწვრთნელი 1996-97 წლებში გახლდათ.

''ეს დიდებული და ძალიან სახალისო ისტორიაა. ვიღაცამ კლუბში დარეკა, რომ ინგლისში ჟორჟ ვეას ბიძაშვილი თუ ძმისშვილი იმყოფებოდა, ის კლუბს ეძებდა. მას უნდოდა თავი ჩვენს კლუბში გამოეცადა.

ეს ბიჭი ჩვენთან მოვიდა. ნებისმიერმა, ვინც ფეხბურთში ჩახედულია, იცის, რომ ხუთ წუთშიც გამოჩნდება მოთამაშის შესაძლებლობები, თუნდაც გუნდები ხუთი-ხუთზე თამაშობდნენ.

ორშაბათს დილით გამართულ ვარჯიშზე ხუთ წუთში გაირკვა, რომ ჩვენს გუნდში სათამაშოდ მზად არ იყო. მას ჩვენს გუნდში მომავალი არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ არ გვყავდა საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები, რომ რვა-რვაზე გვეთამაშა. ამიტომ, ერთი კვირით გუნდში დავტოვეთ. ერთი კვირის გასვლის შემდეგ ტრავმა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო და ვითარება უფრო გართულდა.

შაბათს, ''ლიდს იუნაიტედთან'' უნდა გვეთამაშა. თამაშამდე გაირკვა, რომ მეტ ლე ტისიე ერთადერთი ფორვარდია, რომელიც თამაშისთვის მზადაა. 

ეს სწორედ ლე ტისიეს ბრალია. ალი დიას თამაშს მატჩის დასკვნით 20 წუთში ვგეგმავდით, მაგრამ მეტმა ტრავმა მიიღო. ვუყურებდი სათადარიგოთა სკამს და ვფიქრობდი: ''რისი გაკეთება შეგვიძლია?''

შეხვედრის 33-ე წუთზე ლე ტისიემ მოედანი დატოვა და თამაშში ალი დია ჩაერთო, რომელმაც იმდენად ცუდად ითამაშა, 85-ე წუთზე შეცვალეს. ლე ტისიე დიას ტრანსფერს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელს უწოდებს.

ლე ტისიე: ''ის მინდორზე დარბოდა, როგორც ბემბი ყინულზე. ''ლიდს იუნაიტედთან'' ტრავმა მივიღე და ალბათ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე დაბალი დონის, ყველაზე ცუდმა მოთამაშემ შემცვალა.''

ინგლისში გადასვლამდე სენეგალელმა ფეხბურთელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''ლიუბეკში'' 2 მატჩი ჩაატარა. მცირე ხნით ფინეთის უმაღლეს ლიგაშიც ასპარეზობდა. პრემიერლიგური საოცარი თავგადასავალის შემდეგ ალი დია ინგლისის სამოყვარულო კლუბებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები