Aa
Aa

"ისინი უნდა გაგვეღიზიანებინა და ეს იმუშავებდა", - მოურინიოს მზაკვრული გეგმა

ეს მოხდა 6 წლის წინ, როცა „ლივერპული“ ოცნების ახდენასთან ახლოს იყო და ნანატრი პრემიერლიგის მოგებას ცდილობდა, თუმცა „ენფილდზე“ მოულოდნელად „ჩელსისთან“ 0:2 წააგეს, რამაც საბოლოოდ ბრენდან როჯერსის გუნდის გამოსვლაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. ეს მატჩი ყველაზე მეტად სტივენ ჯერარდის ცნობილი ფეხის დაცდენით შევიდა ისტორიაში.

„ჩელსის“ ყოფილი მეკარე მარკ შვარცერი BBC-ის ესაუბრა და ხსენებული შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, ჟოზეს გადაწყვეტილებებმა და გეგმამ მატჩის შედეგი განაპირობა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 3 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ ნახევარფინალური მატჩი გვქონდა გასამართი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მივიღებდი, მაგრამ ჩეხს ტრავმა ჰქონდა. მოურინიოს არ უნდოდა, რომ „ლივერპულს“ მოეგო, არც სამწვრთნელო შტაბს.

ჟოზე ბოლო დღეებში თავს ცუდად გრძნობდა, ის გაციებული იყო. პრესკონფერენცია მხოლოდ 7 წუთს გაგრძელდა. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე ლონდონში დატოვა, ასევე გვქონდა ტრავმებიც. ივანოვიჩი დაცვის ცენტრში თამაშობდა, კალასს კი საერთოდ პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა.

მოურინიომ გვითხრა, რომ ჩვენ „ლივერპულის“ მოთამაშეები იმედგაცრუებულები უნდა დაგვეტოვებინა. ისინი უნდა გაგვეღიზიანებინა და ეს იმუშავებდა. მისი თქმით, „მერსისაიდელები“ საკუთარ კედლებში სივრცეებს ტოვებდნენ და ეს ჩვენი შანსი იქნებოდა.

მან მითხრა, რომ პირველივე წუთიდან დრო გამეყვანა, როცა ბურთი მექნებოდა. გვესეირნა და არა გვერბინა. ქომაგები და „ლივერპულის“ მოთამაშეები ჭკუიდან შეიშალნენ. ასეთი „ენფილდი“ არასდროს მქონდა ნანახი. ჩვენ, მათ საღამო ჩავუშალეთ“.

ამ მარცხის შემდეგ „ლივერპული“ აიჭრა და საბოლოოდ სეზონის გადამწყვეტი ნაწილი ჩააგდო. ჟოზეს მზაკვრულმა გეგმამ იმუშავა. მოგვიანებით, თავად მოურინიო ჩემპიონთა ლიგიდან სიმეონეს „ატლეტიკომ“ გამოაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები