კიკე სეტიენი კოუტინიოს დაბრუნებას და ახალ პოზიციაზე გამოყენებას გეგმავს
Aa
Aa

კიკე სეტიენი კოუტინიოს დაბრუნებას და ახალ პოზიციაზე გამოყენებას გეგმავს

ფელიპე კოუტინიო ამჟამად იჯარის წესით მიუნხენის „ბაიერნში“ იმყოფება, თუმცა თუ „რეკროდმაისტერს“ მისი გამოსყიდვა მოუნდება, ამის გაკეთება 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.

იქედან გამომდინარე, რომ გერმანული კლუბი ტრანსფერებში დიდ თანხებს იშვიათად იხდის, პლუს ამას კოვიდ-19-ით გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე გუნდები ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელებას ერიდებიან, მარტივად მისახვედრია, რომ „ბაიერნი“ ბრაზილიელს არ გამოისყიდის. ამ გადაწყვეტილებისთვის უკვე ემზადება „ბარსელონა“, კონკრეტულად კი კიკე სეტიენი, რომელიც კოუტინიოს გამოყენებას გეგმავს.

Marca-ს ცნობით, სეტიენი ფეხბურთელის მიმართ დადებითადაა განწყობილი: „ფილიპე დიდებული მოთამაშეა, ის მომწონს“, - ამბობს კიკე, რომელიც ბრაზილიელს ნახევარდაცვის ცენტრში გამწესებას უპირებს.

ეგრეთწოდებული „რვიანის“ პოზიცია, სადაც ანდრეს ინიესტა თამაშობდა. „ბარსელონას“ ბოლო წლებში ნახევარდაცვაში შემტევი ტიპის შუახაზელის პრობლემა აქვს. ცენტრში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ნაკლებად შემტევი სტილისაა და ეს გუნდის შეტევაზე პირდაპირ ისახება.

ერნესტო ვალვერდე კოუტინიოს ძირითადად მარცხენა გარემარბად ათამაშებდა ხოლმე. ფელიპე ვერ თამაშობს მარცხენა ფლანგის ფორვარდს, რადგან მას სულ სხვა თვისებები აქვს. ის არ ფლობს ფორვარდის რეფლექსებს. ბრაზილიელი მომენტებს არ აგვირგვინებს, ის მათ ქმნის.

ფელიპეს არც იმხელა სასტარტო სისწრაფე აქვს, როგორიც ფლანგის ფორვარდს სჭირდება. მაგალითად როგორც ნეიმარსა და დემბელეს.

იქედან გამომდინარე, რომ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო კლუბებს ტრანსფერებისთვის თანხების მოძიება უჭირთ, „ბარსელონას“ ნეიმარისა და ლაუტაროსთვის ბრძოლა პრაქტიკულად არ შეუძლია. "ყველა კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისს ებრძვის. დიდი თანხის გადახდის საშუალება "ბარსელონას" არ აქვს, შესაბამისად, ხსენებული ტრანსფერების განხორციელება სრულიად შეუძლებელია", - ამბობს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი. ამ მიზეზების ფონზე კოუტინიოს დაბრუნება უკვე რეალური მოსჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები