''უმაღლეს დონეზე იყო, მაგრამ თავმდაბალი დარჩა'' - ბავშვობის მეგობარი მიხეილ მესხს იხსენებს
Aa
Aa

''უმაღლეს დონეზე იყო, მაგრამ თავმდაბალი დარჩა'' - ბავშვობის მეგობარი მიხეილ მესხს იხსენებს

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი 1991 წლის 22 აპრილს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ ზუსტად 29 წელი გავიდა.

მისმა ბავშვობის მეგობარმა, საფეხბურთო სპეციალისტმა გურამ ჩომახიძემ ''ლელო week''-თან ერთ-ერთ ინტერვიუში მესხის პიროვნებაზე ისაუბრა. ჩომახიძე ლეგენდარულ ფეხბურთელს იხსენებს, როგორც თავმდაბალ პიროვნებას, კარიერული წარმატების მიუხედავად რომ არ შეცვლილა.

გურამ ჩომახიძე: ''მისი უბნელი ვიყავი და ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემზე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი, მიშას დეიდაშვილ ზურა პაპიძესთან ვმეგობრობდი.

ის მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი პიროვნება გახლდათ, თავმდაბალი და კეთილი, მეზობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე გადაყოლილი კაცი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი. მერე დიღომში გადავიდა, მაგრამ უბანში მოდიოდა, ბიჭებთან ერთად ჩამოჯდებოდა და ისევე უბრალო იყო, როგორც ბავშვობაში.

საერთოდ არ შეცვლილა. ამიტომაც გვიყვარდა, რომ ჩვენი მეგობარი კაცი მწვერვალებს შეეჭიდა და ცხვირი ერთხელაც არ აუწევია.

განსაკუთრებით, მოჭიდავე ჯემალ შენგელიასთან მეგობრობდა, თავად მიშაც ხომ ჭიდაობდა და ამიტომაც იყო ფიზიკურად ძლიერი. რამე რომ მოხდებოდა, უკან არ იხევდა, ჩხუბში ძალიან მაგარი იყო, სხვათა შორის რისკიანიც. დიღმის სახლში აუზი ჰქონდა და მეორე სართულიდან ხტებოდა.

ყველას ეხმარებოდა, ფული თუ ჰქონდა - მატერიალურადაც, სიძუნწეს ვერ იტანდა. ხომ იცით, "ნახალოვკა" რა პრობლემური უბანი იყო. მიშას ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, მილიციიდან ბევრი უბნელი გაუთავისუფლებია.

მაშინ ბევრი ოცნებობდა მთავრობაში მოხვედრაზე ან შემოსავლიან სამსახურზე. კარიერის შემდეგ მიშას რა სამსახური არ შესთავაზეს, მათ შორის, ძალიან დიდი თანამდებობებიც. მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, რადგან სულით ფეხბურთელს ისევ ამ სფეროში დარჩენა სურდა.

საფეხბურთო სკოლის აშენება გადაწყვიტა, რადგან უნდოდა, ქართული ფეხბურთისთვის შემტევი, ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი თაობები გაეზარდა. ასე დაარსდა "ავაზა", სადაც მიშასთან ვმუშაობდი.''

მიხეილ მესხი თბილისის ''დინამოში'' 1954-69 წლებში ასპარეზობდა. 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, სამჯერ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1960 წელს თბილისის ''დინამო'' საბჭოთა კავშირის ფინალში გავიდა და მოსკოვის ''ტორპედოსთან'' დამარცხდა, თუმცა თბილისურმა გუნდმა 4 წლის შემდეგ რევანში აიღო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა იზეიმა.

მიხეილ  მესხი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად ევრო 1960-ის გამარჯვებული და 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები