France Football - მანე კლოპზე გაბრაზებულია და გუნდიდან წასვლას გეგმავს
Aa
Aa

France Football - მანე კლოპზე გაბრაზებულია და გუნდიდან წასვლას გეგმავს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France Football-ი წერს, რომ სადიო მანემ შესაძლოა „ლივერპული“ დატოვოს.

გამოცემა ამის მიზეზად იურგენ კლოპთან სენეგალელი შემტევის გაფუჭებულ ურთიერთობას ასახელებს.

წყაროს თანახმად, მანე კლოპის პოზიციის გამო გაბრაზებულია. ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ პრიზის მოგებას ვირჯილ ვან დეიკი იმსახურებდა.

როგორც France Football-ი წერს, მანე თვლის, რომ კლოპის მხარდაჭერას ისიც იმსახურებდა, რადგან შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და მე-4 ადგილი დაიკავა.

სადიო მანეს პოზიციას „ლივერპულის“ ქომაგთა დიდი ნაწილიც იზიარებს. მათი აზრით სენეგალელი როგორც მინიმუმ გუნდში საუკეთესო იყო და ვან დეიკზე წინ დგომას იმსახურებდა.

მანეს საჯაროდ მხარი დაუჭირა ლეო მესიმაც, რომელმაც ცერემონიის შემდეგ ასეთი რამ თქვა: "სირცხვილია მანემ მეოთხე ადგილი რომ დაიკავა. წლეულს ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო და ერთი ფეხბურთელის გამორჩევა რთული ზუსტად ამიტომ გახლდათ. მანეს თამაში მომწონს და The Best-ის დაჯილდოებაზე ხმა მას მივეცი. მანეს "ლივერპულთან" ერთად წარმატებული წელიწადი ჰქონდა და ის სწორედ ამიტომ ავირჩიე".

შეგახსენებთ, რომ მანეს „ლივერპულთან“ არსებული კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. სენეგალელის შეძენით მადრიდის „რეალი“ უკვე დიდი ხანია ინტერესდება და როგორც ფრანგული გამოცემა წერს, „სამეფო კლუბი“ ამ უთანხმოების გამოყენებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები