„25 ფეხბურთელიდან 23-ს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა
Aa
Aa

„25 ფეხბურთელიდან 23-ს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა" - ლუკაკუ იანვარს იხსენებს

ბელგიელმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ სენსაციური განცხადება გააკეთა. ლუკაკუს თქმით, 2020 წლის დასაწყისში „ინტერის“ თითქმის ყველა ფეხბურთელი თავს ცუდად გრძნობდა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

„დეკემბერში, 1-კვირიანი შვებულების შემდეგ, გუნდს დავუბრუნდით და ინტერის 25 ფეხბურთელიდან 23 თავს შეუძლოდ გრძნობდა. არ ვხუმრობ, ყველაფერი მართლაც ასე იყო.

მახსოვს, რაჯა ნაინგოლანის კალიარის ვეთამაშებოდით, როცა მატჩის დაწყებიდან 25 წუთის შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთ მცველს მოედნის დატოვება მოუხდა. მას თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო და კინაღამ გონება დაკარგა.

შემიძლია გითხრათ, რომ ინტერის ყველა ფეხბურთელს ხველება აწუხებდა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. პირადად მე, ვგრძნობდი, რომ გახურებისას ჩვეულებრივზე მეტად მცხელოდა. მატჩის შემდეგ, ბანკეტი იყო დაგეგმილი, რომელსაც პუმას წარმომადგენლები უნდა დასწრებოდნენ, თუმცა მათ მადლობა გადავუხადე და პირდაპირ საწოლისკენ გავემართე. მაშინ Covid-19-ზე ტესტი არ ჩაგვიტარებია და დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 183957 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 25648-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები