რაიტი ბერგკამპზე: ''კლუბის DNA შეცვალა, არსენალის ისტორიაში საუკეთესო შენაძენია''
Aa
Aa

რაიტი ბერგკამპზე: ''კლუბის DNA შეცვალა, არსენალის ისტორიაში საუკეთესო შენაძენია''

1995 წლის 20 ივნისს ლონდონის ''არსენალმა'' ჰოლანდიელი ახალწვეული დენის ბერგკამპი წარადგინა და მის სანაცვლოდ მილანის ''ინტერს'' 7,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა. იან რაიტის აზრით ბერგკამპი ჩრდილოლონდონური კლუბის ისტორიაში საუკეთესო შენაძენია.

იან რაიტმა Match of the Day-ს პოდკასტში ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებზე ისაუბრა, რომლებსაც ინგლისის პრემიერ ლიგაში უთამაშიათ. რაიტმა ყოფილი თანაგუნდელი გაიხსენა: ''ბერგკამპის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში უდიდესი მოვლენა იყო. ის იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვის თამაშსაც წარმატება მოჰქონდა.

დენის ბერგკამპი ბრწყინვალე იყო და მისი ტრანსფერი ''არსენალის'' ისტორიაში საუკეთესოა. მან კლუბის DNA შეცვალა. ჩემთვის ნამდვილად იყო პატივი ასეთი დონისა და ასეთი მასშტაბის მქონე ფეხბურთელთან ერთად თამაში.''

ბერგკამპმა ''ჰაიბერიზე'' პირველ სეზონში 16 გოლი გაიტანა, შემდეგ კი გუნდის მთავარ მწვრთნელად არსენ ვენგერი დაინიშნა.

1997-98 წლების სეზონში არსენ ვენგერის ფორმაციის ''არსენალმა'' ინგლისის პრემიერ ლიგა პირველად მოიგო. რაიტი თვლის, რომ ''ჰაიბერიზე'' ვენგერის ადრეულ წარმატებებში ბერგკამპის როლი ძალიან დიდი იყო.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ''არსენალთან'' ერთად ტიტული ათჯერ მოიგო. მათ შორის პრემიერ ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა (1997-98, 2001-02 და 2003-04).

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი ''მეთოფეების'' ღირსებას 1995-2006 წლებში იცავდა. ''აიაქსისა'' და მილანის ''ინტერის'' ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა ჩრდილოლონდონურ კლუბში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები