Aa
Aa

სანიოლი: „ბაიერნს ვარანის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო ეძვირა"

„ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ვილი სანიოლმა რაფაელ ვარანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „რეკორდმაისტერს“ მისი გადაბირება შეეძლო, თუმცა გამოსასყიდი თანხა ეძვირა.

სანიოლმა ინტერვიუ RMC Sport-ს მისცა და აღნიშნა: „ბაიერნში ვმუშაობდი, როცა ერთ დღეს მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ლანსში უნდა წავსულიყავი და სუპერ საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშე მენახა. პირველი ტაიმის შემდეგ, ვიცოდი, რომ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელს ვუყურებდი. საწყისი ნახევარი მან საყრდენის პოზიციაზე გაატარა, მეორე ტაიმში კი, ცენტრალური მცველის ფუნქციები შეითავსა.

ლანსში კარგი კონტაქტები მქონდა და 48 საათში მისი სატრანსფერო ღირებულება გავიგე. ვარანის სანაცვლოდ გუნდი 4-დან 5 მილიონ ევროს ითხოვდა. როცა მისი დოსიე ბაიერნის ხელმძღვანელობას გადავეცი, მითხრეს, რომ 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ამხელა თანხის გადახდას არ აპირებდნენ.

ორი თვის შემდეგ, რეალმა ვარანი 10 მილიონ ევროდ შეიძინა. დარწმუნებული ვარ ის არაფერს ნანობს და სანტიაგო ბერნაბეუზე ბედნიერია, თუმცა ჩემთვის სამწუხაროა ასეთი დონის ფეხბურთელი რომ ვერ გადავიბირეთ. მისი ტრანსფერის შემთხვევაში, გუნდს ეყოლებოდა ცენტრალური მცველი, რომელიც ბაიერნში 10-12 წლის განმავლობაში დარჩებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ვარანი „სამეფო კლუბს“ 2011 წელს შეუერთდა და „ბლანკოსის“ მაისურით 309 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები