Bleacher Report – 2003 წლის დრაფტზე ზაზა მეათე ნომრად უნდა აერჩიათ
Aa
Aa

Bleacher Report – 2003 წლის დრაფტზე ზაზა მეათე ნომრად უნდა აერჩიათ

2003 წლის დრაფტი NBA-ის ისტორიაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა. მაშინ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ლებრონ ჯეიმსმა, კარმელო ენტონიმ, დუეინ უეიდმა, კრის ბოშმა, დევიდ უესტმა, ხოსე კალდერონმა, კაილ კორვერმა, კენდრიკ პერკინსმა, კრის კამანმა, კირკ ჰაინრიხმა და რაც მთავარია, ზაზა ფაჩულიამ შეაბიჯეს.

Bleacher Report-მა 2003 წლის დრაფტს სტატია მიუძღვნა და ე.წ „რედრაფტი“ ჩაატარა. ამერიკული გამოცემის მიხედვით, „ორლანდო მეჯიქს“ ზაზა ფაჩულია პირველივე რაუნდში მე-10 ნომრად უნდა აერჩია.

„მეორე რაუნდის კიდევ ერთ „სთილს“, ზაზა ფაჩულიას გრძელი კარიერა ჰქონდა და დაცვაში თამაშით გამოირჩეოდა. მან NBA-ში 16 სეზონი გაატარა და აქედან 8 სეზონის განმავლობაში „ატლანტა ჰოუქსის“ ღირსებას იცავდა. იგი გუნდში, რომლის ლიდერიც ჯო ჯონსონი იყო და რომელიც 2000-იან წლებში აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფში სისტემატურად გადიოდა, სათადარიგოთა სკამის კალათბურთელი გახლდათ. „ატლანტას“ მაისურით ჩატარებულ პირველ და მეორე სეზონში ფაჩულია საშუალოდ 10 ქულაზე მეტს აგროვებდა, თუმცა ძირითადად სამწამიანში შავი სამუშაოს შესრულებით იყო დაკავებული.

ზოგიერთისთვის ფაჩულიას სახელი ნეგატივთან ასოცირდება. 2017 წელს, დასავლეთ კონფერენციის ფინალში, რომელშიც „გოლდენ სტეიტი“ „სან ანტონიოს“ დაუპირისპირდა, კავაი ლეონარდმა სროლის შემდეგ, ზაზას ფეხი უხერხულად დაადგა და ტრავმა მიიღო, რომლის გამოც, მან იმ სერიაში ვეღარ ითამაშა, მომდევნო სეზონში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და საბოლოოდ სან ანტონიო დატოვა. ფაჩულიას ადანაშაულებდნენ, რომ მან ლეონარდს დასახტომი სივრცე განზრახ არ დაუტოვა, რასაც ზაზა კატეგორიულად უარყოფს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფაჩულიამ გოლდენ სტეიტთან ერთად, ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა და კარიერის დასრულების შემდეგ, უორიორსის მრჩეველი გახდა“.

ფაჩულიას ნაცვლად, „ორლანდომ“ ჯერვის ჰეისი აიყვანა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 42-ე ნომრად ზაზა მაინც „მეჯიქმა“ აირჩია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები