10 ან 20 პროცენტი - რეალის მოთამაშეები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ
Aa
Aa

10 ან 20 პროცენტი - რეალის მოთამაშეები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ

რამდენიმე წუთის წინ, „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების მოთამაშეები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ.

„სამეფო კლუბის“ მიხედვით, თუ 2019-20 წლების სეზონი განახლდება, მოთამაშეები ანაზღაურების 10 პროცენტს გაიღებენ, ხოლო თუ სეზონი არ განახლდება, ეს ციფრი 20 პროცენტამდე გაიზრდება.

განცხადებაში წერია, რომ „ბლანკოსის“ მოთამაშეებმა ხელფასის შემცირების გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღეს და კლუბს მათზე ზეწოლა არ მოუხდენია. შეთანხმება კი, მოთამაშეთა წარმომადგენელ სერხიო რამოსსა და „რეალის“ გენერალურ დირექტორს, ხოსე ანხელ სანჩესს შორის შედგა.

„სამეფო კლუბის“ მესვეურები მოთამაშეთა ჟესტს სათანადოდ აფასებენ და თვლიან, რომ დაზოგილი თანხა, რომელიც შესაძლოა 50 მილიონ ევროზე მეტი იყოს, გარანტიას იძლევა, რომ კლუბის თანამშრომლებმა ხელფასები სრულად მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასგან“ განსხვავებით, „რეალი“ ფინანსურად გაცილებით ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება და მოთამაშეებს უფრო ნაკლების გაღება სწორედ ამიტომ მოუხდათ. როგორც იცით, „ბლანკოსის“ ვალი 24 მილიონ ფუნტს შეადგენს, „ბარსასი“ კი - 193 მილიონს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები