გიგზის ტოპ 11 მანჩესტერში - რონალდუ გუნდში ვერ მოხვდა
Aa
Aa

გიგზის ტოპ 11 მანჩესტერში - რონალდუ გუნდში ვერ მოხვდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგზმა, რომელიც ამჟამად უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ, „წითელ ეშმაკებში“ მისი თანაგუნდელებისგან საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

გიგზი „მანკუნიანელთა“ რიგებში 1990-2014 წლებში ასპარეზობდა. ბევრისთვის მოულოდნელად უელსელის ტოპ 11-ში კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა.

რაიან გიგზმა გუნდი ასე დააკომპლექტა: მეკარე პეტერ შმეიხელი. დაცვის ხაზი გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, მიკაელ სილვესტრი, დენის ირვინი. ნახევარდაცვის ხაზი პოლ სქოულზი, როი კინი, ნიკი ბატი. თავდასხმის ხაზი დევიდ ბექჰემი, უეინ რუნი და ოლე გუნარ სულშერი.

მიუხედავად იმისა, რომ გიგზმა რონალდუსთან ერთად 11 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 3-ჯერ პრემიერლიგისა და ერთჯერ ჩემპიონთა ლიგის, გუნდში პორტუგალიელის ადგილი ვერ მოიძებნა, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს.

„მანჩესტერ იუნაიტედში მე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, თუმცა გიგზთან, სქოულზთან და ფერდინანდთან არ ვსაუბრობდი, თუ არ ჩავთვლით მისალმებას „დილა მშვიდობისა“. და მიუხედავად ამისა ჩვენ ჩინებული გუნდი გვყავდა“, - ეს კომენტარი რონალდუმ 2016 წელს „რომასთან“ მატჩის წინ გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა მისი და ბეილი-ბენზემას ურთიერთობის შესახებ ჰკითხა და პარალელი მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოსთან გაავლო.

როგორც ჩანს, გიგზის თერთმეტეულში რონალდუს ვერმოხვედრის მიზეზი მასთან არც ისე თბილი ურთიერთობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები