Aa Aa
8 აპრილი 2020  |  01:46

ხოსე ლუის ჩილავერტი - მეკარე, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა

მეკარეს წარმატების მისაღწევად რაღაც დოზით „სიგიჟე" სჭირდება. ეს მოსაზრება ხშირ შემთხვევაში სიმართლეს შეესაბამება. ხოსე ლუის ჩილავერტის მაგალითი აიღეთ... 

პარაგვაის ნაკრების ლეგენდას „სტრასბურგში“ და „სარაგოსაში“ აქვს ნათამაშები, სახელი კი „ველესში“ გაითქვა. იგი მაღალი დონის გოლკიპერი იყო, რომელიც „გიჟური“ გამოხტომებით გამოირჩეოდა.

ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისური ჩილავერტიმ 74-ჯერ მოირგო და სხვა ყველაფერთან ერთად გოლებიც ხშირად გაჰქონდა. საჯარიმო დარტყმები, პენალტები და რაც მთავარია! ჰეთ-თრიკი! მისი კარიერი ნამდვილად უნიკალური გახლდათ.

ჩილავერტი ლუკეში გაიზარდა და ცხოვრების ყველაზე უდარდელი პერიოდი უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. იგი საოჯახო საქმიანობაში 5 წლის ასაკში ჩაერთო, 7 წლამდე კი ფეხსაცმელიც არ ჰქონია. ჩილავერტი მშობლებს ძროხების მოწველაში ეხმარებოდა და რძეს ბაზარში ყიდდა.

ჩილავერტის „ელ ბულდოგს“ უწოდებდნენ. ეს მეტსახელი მის მებრძოლ ხასიათს იდეალურად აღწერდა. პარაგვაელი გოლკიპერი არასდროს ნებდებოდა, გამარჯვების მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა და მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა. მას მეტსახელი თავადაც მოსწონდა და მაისურს, რომელზეც ბულდოგი იყო გამოსახული, ხშირად ატარებდა.

ხოსე ლუისი განსაკუთრებული გოლკიპერი გახლდათ. იგი გადაწყვეტილებებს მწვრთნელისგან დამოუკიდებლად იღებდა, რაც როგორც გუნდის თავკაცს, ისე კლუბის ქომაგებს, არ სიამოვნებდათ. „სარაგოსაში“ ყოფნისას მას რამდენიმე წამის შუალედით ქომაგების გაოცება და ანერვიულება შეეძლო.

ჩილავერტი ბურთს მიღებისთანავე არ იგერიებდა! პირიქით, დრიბლინგს იწყებდა და კარის ხაზს ტოვებდა. „გულშემატკივრები ხშირად მიყვიროდნენ და კარში დაბრუნებას მთხოვდნენ... არასდროს მაინტერესებდა სხვები რას ამბობდნენ და ქომაგების შეძახილების გამო, გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებდი. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი და ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი“.

მეკარის პოზიციაზე ჩილავერტიზე მეტი გოლი მხოლოდ როჟერიო სენის აქვს გატანილი. ამ უკანასკნელმა მეტოქე გუნდების კარის აღება 131-ჯერ მოახერხა. რაც შეეხება პარაგვაელ კიპერს, მან 67 ბურთი შეაგდო.

1999 წლის ნოემბერში, „ველესში“ ყოფნისას, ჩილავერტიმ, მოსისხლე მტერს, „ფეროს“ სამი თერთმეტმეტრიანი გაუტანა. ხოსე ლუისის გუნდმა შეხვედრა 6-1 მოიგო, ჩილავერტი კი ერთადერთი გოლკიპერია, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა.

დავაბრუნოთ დრო უკან… 1995 წლის ნოემბერში „ველესი“ „რივერ პლეიტს“ ეთამაშებოდა. ჩილავერტის გუნდმა საკუთარ ნახევარზე ჯარიმა მოიპოვა. პარაგვაელი მეკარის თანაგუნდელები ბურთის გათამაშებას გეგმავდნენ, თუმცა უეცრად ჩილავერტის ყვირილი შემოესმათ: „გზა დამითმეთ! უნდა გავიტანო“.

და მართლაც, ხოსე ლუისმა შესანიშნავი ბურთი შეაგდო. მოგვიანებით მან ეს მომენტი გაიხსენა და აღნიშნა: „ასეთი დარტყმა კიდევ 1000-ჯერ რომ შემესრულებინა, მსგავს გოლს ვერცერთხელ გავიტანდი“.

ხოსე ლუისი შესანიშნავი გოლკიპერი გახლდათ, რომელსაც ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა და მუდამ ჩხუბისკენ იწევდა. 1997 წელს იგი „ნიუკასლის“ ვარსკვლავთან, ფაუსტინო ასპრილიასთან, გამართული ფიზიკური დაპირისპირების გამო, მოედნიდან გააძევეს. ამ ფაქტს გუნდებს შორის ატეხილი შეხლა-შემოხლა მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიტუაციის გასანეიტრალებლად სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.

პარაგვაის ნაკრების კიპერმა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ჩილავერტი ერთხელ ჟურნალისტსაც ეჩხუბა, რომელმაც მის შესახებ კრიტიკული სტატია დაწერა...

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის ძირითადი დრო, რომელიც ბრაზილიასა და პარაგვაის შორის გაიმართა, არაფრით გამორჩეული გამოდგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩილავერტი რობერტო კარლოსისკენ გაემართა და მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს ხელის ჩამორთმევას აპირებდა. უეცრად ხოსე ლუისმა ლეგენდარულ ბრაზილიელ უკანახაზელს სახეში შეაფურთხა.

მიზეზი?! პარაგვაელთა მეკარემ ყველაფერი რობერტო კარლოსის რასისტულ კომენტარებს დააბრალა.

1999 წელს კოპა ამერიკა პარაგვაიში ჩატარდა, თუმცა ჩილავერტიმ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ხოსე ლუისი თვლიდა, რომ ფული, რომელიც ტურნირის ჩასატარებლად გამოიყო, სხვა სფეროში უნდა დახარჯულიყო. ჩილავერტის აზრით გაცილებით უკეთესი იქნებოდა თუ ზემოთ ხსენებული ფინანსები განათლებაში ჩაიდებოდა.

გაზიარება: