Aa
Aa

ბლატერის პირველი კომენტარი სკანდალზე: "ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება იყო"

ფიფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, იოზეპ ბლატერმა ბოლო დღეებში აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქმე რუსეთისა და ყატარისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ქრთამების საფუძველზე გადაცემას ეხება, ეს ყველაფერი კი სწორედ ბლატერის პრეზიდენტობისას მოხდა.

„ფიფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში ეს მხოლოდ კაცური, სიტყვიერი შეთანხმება იყო, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის ჩემპიონატი - რუსეთში, ხოლო 2022 წლის აშშ-ში უნდა გამართულიყო.

თუმცა, მოხდა პოლიტიკური ჩარევა და 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ყატარს გადაეცა, სულ ესაა. ამ გადაწყვეტილებაში, მართლაც, უმაღლესი დონის პოლიტიკური ჩარევა მოხდა“.

გუშინ გამოქვეყნებული აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მიხედვით, რამდენიმე პირმა, მათ შორის ფიფა-ს მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეკ უორნერმა, რომელიც CONCACAF-ის პრეზიდენტიც გახლდათ, ქრთამები მიიღეს, რათა ხმა რუსეთისა და ყატარისთვის მიეცათ.

როგორც დასკვნაში წერია, კონკრეტულად უორნერმა რუსეთისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი მიიღო, იქამდე კი მას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან 10 მილიონი დოლარის მიღებაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, 2010 წლის მუნდიალს სწორედ სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა. ისიც განვმარტოთ, რომ ჯეკ უორნერი წლების განმავლობაში პრეზიდენტ ბლატერის მარჯვენა ხელად და ერთ-ერთ მთავარ მრჩევლად ითვლებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც ბლატერი, ასევე უორნერი, საფეხბურთო აქტივობებიდან სამუდამოდ მოკვეთილი არიან.

ფიფა-მ გუშინვე სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც აღნიშნა, რომ კრიმინალური საქმიანობის წინააღმდეგ დაწყებულ ნებისმიერ გამოძიებას მხარდაჭერას უცხადებს და სამართლებრივ უწყებებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

საკითხზე კომენტარების გაკეთება რუსეთისა და ყატარის ოფიციალურ წარმომადგენლებსაც მოუწიათ - ქრთამის გადაცემის ან სხვა სახის უკანონო ფაქტის არსებობას ორივე მხარე კატეგორიულად გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები