''UFC კუნძულზე გაიმართება'' - დანა ვაითის ორიგინალური ინიციატივა
Aa
Aa

''UFC კუნძულზე გაიმართება'' - დანა ვაითის ორიგინალური ინიციატივა

ამერიკელი ბიზნესმენი და UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი ფიქრობს, რომ 18 აპრილიდან ორთაბრძოლები გაიმართება. ვაითი TMZ Sports-ს ესაუბრა.

''ბრძოლებს ჩავატარებთ კუნძულზე, რომელიც კორონავირუსისგან დაცულია. ვაპირებ კუნძულზე ინფრასტრუქტურა მოვაწყო და 18 აპრილიდან საერთაშორისო ბრძოლები გაიმართოს. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აშშ-ში ვერ მივიღებ, ფრენები არ ხორციელდება, ვაპირებ მებრძოლები ჩემს კუნძულზე მივიწვიო. კუნძულზე ფრენები ჩემი თვითმფრინავით განხორციელდება.18 აპრილს UFC დაბრუნდება და ბრძოლებს ყოველ კვირას იხილავთ.''

ვაითი აღნიშნავს, რომ ტურნირში მონაწილე თითოეულ მებრძოლს, მომსახურე პერსონალსა თუ ორგანიზატორს კორონავირუსზე ტესტი რეგულარულად ჩაუტარდება. ვაითი თითოეული პირის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

დანა ვაითის გაბედული ნაბიჯი გულშემატკივრების დასწრებას არ გულისხმობს, თუმცა თითოეული ბრძოლა ტელევიზიით გადაიცემა, რაც ფინანსური კუთხით UFC-ისთვის სასარგებლო იქნება. დღეს, როცა ფაქტობრივად ყველა სპორტული გუნდი თუ ორგანიზაცია დიდი ფინანსური კრიზისის მოლოდინშია, ვაითის ეს ნაბიჯი UFC-ის შედარებით ნაკლებ ფინანსურ ზიანს მიაყენებს.

UFC-ის სამი ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, 18 აპრილს კი UFC 249 იწყება.

UFC 249-ის ფარგლებში, ტონი ფერგიუსონი ჯასტინ გეიჯის შეერკინება. „ელ კუკუის“ ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ „არწივი“ კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში ჩარჩა და UFC-ს დაღესტნელი მებრძოლის შემცვლელის მოძებნა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები