Aa
Aa

"მან დაგვტოვა", - რამოსი და ტორესი ანტიჩის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ

„მისტერ ფეხბურთი“ - ასეთი სათაურით გამოეხმაურა მადრიდული Marca რადომირ ანტიჩის გარდაცვალებას. ცალკე უნდა ვისაუბროთ ანტიჩის ყოფილი კლუბების: „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ლეგენდების, სერხიო რამოსისა და ფერნანდო ტორესის პოსტებზე. ისინი აღწერენ იმ ღვაწლს, რაც ანტიჩს ესპანური ფეხბურთის მიმართ მიუძღვის.

„შენ „ატლეტიკო“ დიდ გუნდად აქციე, ჩვენი კლუბების მეტოქეობა კი ამით ძალიან პრინციპული გახდა. უნიკალური კარიერა: სხვა ბევრ კლუბს შორის „ატლეტიკო“, „ბარსა“ და „რეალი“. მშვიდად განისვენე“, - წერს „რეალის“ კაპიტანი.

ანტიჩი „სამეფო კლუბს“ 1991-92 წლებში წვრთნიდა, „ბარსელონას“ 2003 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში ავარჯიშებდა, კარიერის ყველაზე წარმატებული მონაკვეთი კი „ატლეტიკოში“ გაატარა.

„ანტიჩმა დაგვტოვა. კაცმა, რომელმაც ფეხბურთელის პროფესიას ღირსება შესძინა. იგი „ატლეტიკოს“ ისტორიაშია როგორც ჩემპიონი და ლეგენდა. რადომირი ყველა „ათლეტის“ გულში სამუდამოდ დარჩება. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს“, - ეს „როხიბლანკოს“ ლეგენდის, ფერნანდო ტორესის სიტყვებია.

რადომირ ანტიჩი „ატლეტიკოში“ 1995-დან 2000 წლამდე სამი სხვადასხვა ვადით მუშაობდა და კლუბთან ერთად პირველსავე სეზონში ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო. სერბ სპეციალისტს სხვადასხვა დროს „სარაგოსა“, „სელტა“, სერბეთის ნაკრები და ჩინური კლუბები: „შანდონი“ და „ჰებეი“ გაუწვრთნია. ანტიჩი 71 წლის იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები