Aa
Aa

დიდი სკანდალი | დადასტურდა, რომ რუსეთმა და ყატარმა მუნდიალის მასპინძლობა ქრთამებით იყიდეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა და ყატარმა, 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, ფიფა-ს აღმასკომის წევრებს ქრთამი გადასცეს.

იმავე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, გავლენიანი გამოცემები, მათ შორის: BBC-ი, Associated Press-ი და New York Times-ი შემდეგნაირ ინფორმაციას ავრცელებენ: დადასტურებულია, რომ ფიფა-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეკ უორნერი მოისყიდეს, რათა მას ხმა რუსეთისთვის მიეცა. უორნერმა 5 მილიონი დოლარი მიიღო და 2010 წლის ნოემბრიდან, 2011 წლის აპრილის ჩათვლით, მის ანგარიშზე ოფშორული კომპანიებიდან თანხის ჩარიცხვა 20-ზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებით მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლის ნოემბერში უორნერის ასისტენტმა ელექტრონული ფოსტით წერილი მიიღო, რომელშიც უორნერს ურჩევდნენ, გაეკეთებინა ის, რაზეც მოილაპარაკეს.

უორნერთან ერთად, ქრთამის აღებაში გვატემალელი რაფაელ სალგეროცაა ბრალდებული. ამ უკანასკნელს 1 მილიონი დოლარი შესთავაზეს, თუმცა მოხსენებაში არაა დაკონკრეტებული, სალგერომ თანხა მიიღო თუ არა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში გამართვის ინიციატივისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ კი, ქრთამი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, რიკარდო ტეიშეირამ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ექს-პრეზიდენტმა, ნიკოლას ლაოსმა და კიდევ ერთმა ადამიანმა აიღო, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები