ლივერპულმა გადაწყვეტილება შეცვალა - წითლები სახელმწიფო პროგრამაში აღარ ჩაერთვებიან
Aa
Aa

ლივერპულმა გადაწყვეტილება შეცვალა - წითლები სახელმწიფო პროგრამაში აღარ ჩაერთვებიან

„ლივერპულმა“ გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიისას, დასაქმებული ადამიანების ხელფასების 80 პროცენტის დაფარვას გულისხმობს.

„წითლების“ დირექტორმა, პიტერ მურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს რამდენიმე დღის წინ, მიღებული გადაწყვეტილების გამო, ბოდიში მოუხადა.

„კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად, იმ აზრამდე მივედით, რომ ხელფასების დასაფარად ალტერნატიული გზა გამოვნახოთ. ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ ამაზე უარს ვამბობთ.

ვთვლით, რომ გასულ კვირას არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ამის გამო ძალიან ვწუხვართ. ჩვენი მიზანი იყო და არის კლუბში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილების დასაცავად მაქსიმუმი გავაკეთოთ და ამ უპრეცედენტო პერიოდისას მათი გათავისუფლება თავიდან ავირიდოთ.

როგორც ნებისმიერი დამსაქმებელი, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, ჩვენ დასაქმებულთა ბედი გვაღელვებს და ყველა შესაძლო ვარიანტისთვის ვემზადებით“.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული პროგრამის მიხედვით, დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურების 80% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფარავს. (იმ შემთხვევაში თუ ეს თანხა 2500 ფუნტს არ აღემატება) გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ ამ ნაბიჯით 700 – 800 ათასი ფუნტის დაზოგვას გეგმავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები