ტოტენჰემმა დაადასტურა - სონი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის
Aa
Aa

ტოტენჰემმა დაადასტურა - სონი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის

რამდენიმე წუთის წინ, „ტოტენჰემმა“ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ სონ ჰიონ-მინი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის, რომელიც 4-კვირიან პერიოდს მოიცავს.

„კლუბი ადასტურებს, რომ სონ ჰიონ-მინი აპრილში, სამხრეთ კორეაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის. ფორვარდი სამშობლოში მარტის ბოლოს დაბრუნდა და ამჟამად კარანტინში იმყოფება. ჩვენი სამედიცინო შტაბის წევრებს მასთან ხშირი კონტაქტი აქვთ და მის ჯანმრთელობას აკონტროლებენ. სონი ლონდონში მაისში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, დაბრუნდება“.

აქვე გეტყვით, რომ სამხრეთ კორეაში არსებული წესების მიხედვით, 28 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცმა 21-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს. თუმცა აზიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, სონს ვადა შეუმცირეს.

კორონავირუსის გავრცელებამდე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას ზაფხულში აპირებდა, მაგრამ COVID-19-ის გამო, ვითარება შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები