Aa
Aa

განხეთქილება პრემიერ ლიგაში - კაპიტნები კლუბებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ

პრემიერ ლიგაში მოასპარეზე გუნდების კაპიტნები კლუბების ხელმძღვანელობისგან ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების მიღებას ითხოვენ. Daily Mail-ის ინფორმაციით, შაბათს კაპიტნებს, მწვრთნელებსა და კლუბების წარმომადგენლებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელმაც ვითარება გაართულა.

ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რომ 45-წუთიანი დისკუსიის შემდეგ, კაპიტნები მომავალს სკეპტიკურად უყურებენ. ისინი დამსაქმებელთა მოტივებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და თვლიან, რომ გუნდები შექმნილ მდგომარეობას ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის სათქმელად იყენებენ.

კაპიტნები კლუბების მესვეურებთან მოლაპარაკებების გამართვა და რამდენიმე დეტალის დაზუსტებას აპირებენ. მათ აინტერესებთ რატომაა ანაზღაურების შემცირება აუცილებელი და ასევე სურთ მიიღონ გარანტიები, რომ მათ მიერ გაღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ამასთან ერთად, ფეხბურთელებს სურთ, რომ კლუბებში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასებთან და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, პრობლემები არ შეექმნათ.

Daily Mail-ის ცნობით, ზემოთ ხსენებული ვიდეოკონფერენციისას შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და კლუბებს ვითარების გარკვევა თავად მოუწევთ. ბრიტანული ტაბლოიდის თანახმად, ფეხბურთელები უკან დახევას არ აპირებენ და მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა კლუბებმა მათი მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

აქვე გეტყვით, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ ლიგის წარმომადგენლები გათამაშების ივნისში განახლების თაობაზე მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები