''3 აგვისტო ბოლო ვადაა'' - ჩეფერინი სეზონის გაუქმებას არ გამორიცხავს
Aa
Aa

''3 აგვისტო ბოლო ვადაა'' - ჩეფერინი სეზონის გაუქმებას არ გამორიცხავს

უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებით ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის გათამაშება ჩაიშლება თუ 3 აგვისტომდე პანდემიის გამო დარჩენილი მატჩების გამართვა ვერ მოხერხდება.

ამ ეტაპზე უცნობია ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებში სეზონი განახლდება თუ ჩაიშლება, თუმცა ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშებებთან მიმართებაში ბოლო ვადას ასახელებს. 

ჩეფერინი გერმანულ ტელევიზია ZDF-თან საუბარში აღნიშნავს:''ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა 3 აგვისტომდე უნდა დასრულდეს, ეს ბოლო ვადაა. არაორდინარულ ვითარებაში ვართ, ამიტომ მოქნილად და მოხერხებულად უნდა ვიმოქმედოთ და შესაბამისად შევარჩიოთ მატჩების გამართვის თარიღები.

რაც უფრო მალე დავძლევთ კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს, შესაბამისად უფრო მალე დავიწყებთ ფეხბურთის თამაშს. ახალ კალენდარზე ვმუშაობთ, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, შესაძლოა ორმატჩიანი დაპირისპირებები არ შედგეს და თითოეულ წყვილში გამარჯვებული ერთი თამაშით გამოვავლინოთ. ასევე, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე განვიხილავთ ოთხგუნდიანი ან რვაგუნდიანი დასკვნითი ეტაპის ჩატარებას.

რაც შეეხება ბელგიას, ამ ქვეყანაში ჩემპიონი უკვე დაასახალეს, რაც მათთვის საფრთხეა, ბელგიურმა კლუბებმა შესაძლოა შემდეგ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშონ. თავდაპირველად ბელგიური ფეხბურთის წარმომადგენლებმა დახმარება გვთხოვეს და შემდეგ თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება. ეს არ არის სწორი გზა, ასე არ შეიძლება, მათ რისკის ქვეშ დააყენეს ევროტურნირებზე თამაშის საკითხი.''

ჩეფერინმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის ევროტურნირების სექტემბერში ან ოქტომბერში დასრულება გამორიცხულია. მან ბოლო ვადად 3 აგვისტო დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები